ოქროს გლობუსი 2015

ოქროს გლობუსის ტრიუმფატორი რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმი ახალგაზრდობა გახდა

ოქროს გლობუსის 72-ე დაჯილდოების ტრიუმფატორი რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმი „ახალგაზრდობა“ გახდა. ნამუშევარმა ყველაზე მეტი, სამი ჯილდო მოიპოვა. საუკეთესო დრამა ფილმის ნომინაციაში გამარჯვების გარდა, ლინკლეიტერი წლის რეჟისორად დაასახელეს, ხოლო პატრიცია არკეტი ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის გამოარჩიეს.

საუკეთესო მიუზიკლის ან კომედიის ნომინაციაში გამარჯვება უეს ანდერსონის ნამუშევარმა მოიპოვა. „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“ ოსკარებზე „ახალგაზრდობის“ ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იქნება.

ორი ოქროს გლობუსი მოიპოვა და კვლავაც ოსკარების ფავორიტად რჩება ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმი „ადამიანი ჩიტი“. მაიკლ კიტონმა კომედია ან მიუზიკლში მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის განკუთვნილი ჯილდო დაიმსახურა, თავად ინიარიტუმ კი წლის სცენარისტის წოდება მიიღო.

დრამის კატეგორიაში 2014 წლის საუკეთესო მსახიობები ედი რედმეინი და ჯულიანა მური("კვლავ ელისი") გახდნენ. მურის გამარჯვება თუ მეტ-ნაკლებად მოსალოდნელი იყო, რედმეინის ჯილდო სიურპრიზი აღმოჩნდა. სტივენ ჰოუკინგის როლის შემსრულებელმა ფავორიტებს სტივ ქერელს („მელიებზე მონადირე“), დევიდ ოუიელოუს („სელმა“) და ჯეიკ გილენჰაალს („ნაითქროლერი“) აჯობა.

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდო „უიფლეშის“ ვარსკვლავმა ჯ.კ სიმონსმა დაიმსახურა და დიდი ალბათობით ოსკარსაც სწორედ ის მიიღებს. კომედია ან მიუზიკლში ქალის როლის საუკეთესოდ შემსრულებლის ჯილდოს, ზედიზედ ორი წელია, ემი ადამსი("დიდი თვალები") არავის უთმობს.

წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში უმთავრესმა ფავორიტმა ანდრეი ზვიაგანცევის ნამუშევარმა "ლევიათანმა" გაიმარჯვა. 

2014 წლის საუკეთესო დრამა სერიალი Affair გახდა, რომელმაც Game of throne-ს და House of Cards-ს აჯობა. საუკეთესო მინისერიალის წოდება „ფარგომ“ მოიპოვა, ხოლო კომედიური სერიალისთვის განკუთვნილი ჯილდო -Transparent-მა. 

კომენტარები