საგამოძიებო სამსახურმა გადასახადებისათვის თავის არიდებისთვის ხუთი პირი დააკავა

is.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გადასახადებისათვის თავის არიდების მიზნით, ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი დააკავა. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები საქართველოს მასშტაბით ფიზიკური პირებისგან ჯართს იბარებდნენ და რეალიზაციას უწევდნენ. ისინი გადახდისუუნარო, არარეზიდენტ პირებზე არეგისტრირებდნენ შპს-ებს, შემდგომში კი არ იხდიდნენ ფიქტიურ საწარმოებზე დაგროვილ დამატებითი ღირებულების გადასახადის დავალიანებებს. 

"გამოძიების ამ ეტაპზე გამოკვეთილია 1 371 599 ლარის ოდენობის დღგ-ს უკანონო ჩათვლა, ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენებით, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანი მიადგა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე" - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

კომენტარები