საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის განვითარების წლის სპეციალური პანელის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, სადაც ქვეყნის მიღწევებსა და წარმატებებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ღია მმართველობის პარტნიორობის ღირებულებებისადმი ერთგულება გამოამჟღავნა.
ყველა რეფორმის მამოძრავებელი ძალა, პრემიერ-მინისტრის თქმით, არის საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სივრცისკენ, რაც აერთიანებს ქართველ ხალხს და მათ პოლიტიკურ წარმომადგენლებს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს აქვს ამ პროცესის გაგრძელების ამბიცია და სურვილი, გახდეს რეგიონში ევროინტეგრაციის პროცესის ტრანსფორმაციის ძალის მაგალითი.
თავის გამოსვლაში პრემიერი რუსეთსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ძალისხმევას რუსეთისგან თანამშრომლობის სულისკვეთებით გამსჭვალული პასუხი არ მოჰყოლია.
„ჩვენი ქვეყნის მთავარი საზრუნავია ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია და მისგან მომდინარე პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებთან. საქართველოს სურს, ჰქონდეს კარგი ურთიერთობები ყველა მეზობელთან, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარჯზე, რისთვისაც ჩვენ ამდენი ვიბრძოლეთ. ჩვენ გადავდგით მთელი რიგი კონსტრუქციული ნაბიჯებისა, რომლებიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ძალისხმევას არ მოჰყვა თანამშრომლობის სულისკვეთებით გამსჭვალული პასუხი. ჩვენ განუხრელად მივყვებით შერიგებისა და მშვიდობიანი მეთოდებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენის გზას, და მომავალშიც არ დავიშურებთ ძალ-ღონეს, რათა საქართველოს ყველა მოქალაქემ, მათ შორის ხელოვნური ბარიერის მიღმა მცხოვრებმა ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა, მიიღონ მონაწილეობა ჩვენი საერთო მიზნების მიღწევაში - სიღარიბის აღმოფხვრასა და სტაბილურ განვითარებაში. ამისთვის ჩვენ შევქმნით ძლიერ სახელმწიფოს, რომელიც თითოეულ მოქალაქეს თანასწორად ეკუთვნის" - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიაში
პრემიერი: ჩვენს ძალისხმევას რუსეთმა თანამშრომლობის სულისკვეთებით არ უპასუხა

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial




