Rosneft საქართველოში

Rosneft-ი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს არღვევს

რუსულმა სახელმწიფო კომპანია Rosneft-მა გასული წლის ბოლოს დავით იაკობაშვილის კუთვნილ კომპანია პეტროკასში აქციების 49 %-იანი წილი შეისყიდა. 
როსნეფტის განცხადებით, აღნიშნული გარიგება გააფართოებს კომპანიის ყოფნას ამიერკავკასიაში და გაზრდის მისი საქმიანობის გეოგრაფიულ არეალს.

რუსული მედიის ინფორმაციით, "როსნეფტის" მფლობელობაში გადავა ფოთის პორტის ნავთობტერმინალი, ასევე "გალფის" ავტოგასამართი სადგურების ნაწილი, თუმცა აქციათა საკონტროლო პაკეტი კვლავ დავით იაკობაშვილს რჩება.

როსნეფტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 2010 წლიდან ნავთობის საძიებო სამუშაოებს ეწევა, პარალელურად კი იქ რამდენიმე ავტოგასამართი სადგური აქვს გახსნილი და ქსელის გაფართოებას აპირებს.  სულ კომპანია აფხაზეთის ტერიტორიაზე 12 ასეთი კომპლექსის გახსნას გეგმავს.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საზღვაო აკვატორიაში და კონტინენტურ შელფზე კრძალავს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოსგან ნებართვა ან ლიცენზირება სჭირდება.  თუ ეს საქმიანობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსხურება, მაშინ სპეციალურ ნებართვას საქართველოს მთავრობა გასცემს. რუსულ სახელმწიფო კომპანიას ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული მიზნები რომ არ ამოძრავებს თითქოს საკამათო აღარ უნდა იყოს, თუმცა ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი როსნეფტის საქმიანობით არ ირღვევა, ხოლო სანქციების დაკისრება შეუძლებელია, რადგანაც, მათი თქმით, კომპანია ოფშორულ ზონაში აწარმოებს ფინანსურ გარიგებებს.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ იურისტებს. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონი ცალსახად ირღვევა, პასუხისმგებლობის დაკისრება კი ხელისუფლებას სხვადასხვა მექანიზმებით შეუძლია.

ქართული ოცნების დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძე არგუმენტად იმას იშველიებს, რომ საქართველოში რუსული კომპანიების შემოსვლის პროცესი სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კი მას პასუხობენ, რომ ამ კომპანიების საქმიანობა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს არ ეწინააღმდეგება, განსხვავებით როსნეფტისგან. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების აზრით, პუტინთან დაახლოებული კომპანიის მიერ ფოთის პორტის აქციების ყიდვა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე ვერ მოხერხდებოდა. მათივე თქმით, მთავრობას ყველა ბერკეტი გააჩნდა აღნიშნული ტრანზაქციის დასაბლოკად.

კომპანია Rosneft -ის წინააღმდეგ აშშ-სა და ევროკავშირის სანქციები მოქმედებს, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინის წინაააღმდეგ რუსული აგრესიის შემდეგ შემოიღეს. შეერთებულმა შტატებმა სხვა რუსულ კომპანიებთან ერთად, როსნეფტს ამერიკის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წვდომა აუკრძალა და კრედიტების მიღების შესაძლებლობა შეუზღუდა.  სანქციების ახალი ტალღის შემდეგ, ამერიკულ კომპანიებს როსნეფტისთვის იმ საქონლისა და ტექნოლოგიების მიწოდება აკერძალათ, რომელიც ნავთობის საზღვაო შელფზე და არქტიკულ რეგიონებში მოპოვების, ასევე ფიქლის ნავთობის მოპოვების საშუალებას მისცემდა.

ევროკავშირის სანქციების მიხედვით, ევროპულ კომპანიებს და კერძო პირებს Rosneft -ის 30 დღეზე მეტი განაღდების ვადის მქონე ფასიანი ქაღალდების შეძენა აეკრძალათ.

რუსულ კომპანიაზე სანქციების დაკისრება მოითხოვეს საქართველოს მოქალაქეებმა. მათ პეტიცია შეადგინეს, რომელშიც მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის ნორმების აღსრულება და კომპანია როსნეფტს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის საზღვაო აკვატორიაში უკანონო ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა,  კანონით გათვალისწინებული სანქციები დააკისროს.

კომენტარები