ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში საერთაშორისო კონფერენციის - "ევროპის განვითარების წელი" ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრო. ღონისძიება ლატვიის პრემიერმინისტრმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა გახსნეს. კონფერენციის მონაწილეებმა გახსნამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პარიზში, შარლი ებდოს რედაქციაზე შეიარაღებული თავდასხმისას დაღუპულთა ხსოვნას. ირაკლი ღარიბაშვილი სპეციალურ პანელზე სიტყვითაც გამოვიდა.
"ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ელიტური კორუფციის, დაუსჯელობისა და მხოლოდ ერთეულთა სასარგებლოდ არსებული ეკონომიკის მოჯადოებული წრის გასარღვევად. საფუძველი ჩავუყარეთ ნამდვილ დემოკრატიას, რომლის მმართველობის სისტემაც უფრო ღია და გამჭვირვალეა, ხოლო ანგარიშვალდებულება გაზრდილია და დაცულია კანონის უზენაესობა. გავაძლიერეთ დემოკრატიული ინსტიტუტები და დავნერგეთ კონტროლისა და ბალანსის უფრო ქმედითი მექანიზმები. ჩვენი ახალი კონსტიტუციის თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლება დეცენტრალიზებულია და გაზრდილია ანგარიშვალდებულება მმართველობის ყველა დონეზე. დღეს ჩვენი პარლამენტი მართლაც კანონმდებელია. მიმდინარეობს კანონპროექტების წარდგენა, რასაც მოსდევს დებატები და ცვლილებების შეტანა", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.





