ევროპის განვითარების წელი

ღარიბაშვილი დღეს სიტყვით გამოვა კონფერენციაზე - ევროპის განვითარების წელი

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ლატვიაში იმყოფება, სადაც სიტყვით გამოვა საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროპის განვითარების წელი". კონფერენციას რიგაში დღეს ოფიციალურად გახსნიან ლატვიის პრემიერმინისტრი ლაიმდოტა სტრაუიუმა და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი.

"კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის და ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ასევე სხვა საერთაშორისო, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენელები დაესწრებიან. 1983 წლიდან, ევროკავშირის ინიციატივით, ყოველი წელი კონკრეტული სფეროს განვითარებას ეძღვნება. 2015 წელი არის ევროპის განვითარების წელი, რომლის განმავლობაში ევროკავშირი ორიენტირებული იქნება საერთაშორისო განვითარების პოლიტიკაზე. კონფერენციას ლატვია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფოს სტატუსით მასპინძლობს", - აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და აღნიშნავს, რომ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერჟინსს, ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს ინარა მურნიეცეს და საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩს შეხვდება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს დელეგაციას ლატვიის პრემიერმინისტრი ლაიმდოტა სტრაუიუმა სამუშაო ლანჩზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცეპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე შედიან.

კომენტარები