პროკურატურის რეფორმა

ანზორ ბალუაშვილი პროკურატურის რეფორმაზე მუშაობს

ედუარდ შევარდნაძის უკანასკნელი უშიშროების საბჭოს მდივანი, მანამდე კი გენერალური პროკურორის მოადგილე ანზორ ბალუაშვილი საქართველოს პროკურატურის რეფორმაზე მუშაობს. რეფორმის აუცილებლობასა და პროკურატურის ინსტიტუციურ გარდაქმნაზე ირაკლი ღარიბაშვილმა 18 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ რეფორმის საკუთარი კონცეფცია ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა უკვე შეიმუშავა. სწორედ კბილაშვილის კონცეფციის შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა ანზორ ბალუაშვილმა. მისი თქმით, ეს კონცეფცია პროკურატურის დამოუკიდებლობასა და ადამიანის უფლებების დაცვას ითვალისწინებს.

72 წლის ანზორ ბალუაშვილი პროკურატურაში საბჭოთა კავშირის დროსაც მუშაობდა, გენერალური პროკურორის მოადგილე კი უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, ედუარდ შევარდნაძის საქართველოს დაბრუნების შემდეგ გახდა. მაშინდელ მთავარ პროკურატურაში არსებულ კორუფციაზე არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მიუთითა. პრკურატურის რეფორმის აუცილებლობაზე წერდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც. მიუხედავად მძაფრი კრიტიკისა, გენერალური პროკურატურის რეფორმა ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას არ დაწყებულა.

ანზორ ბალუაშვილი 2003 წლის ივნისში სახელმწიფო მინისტრის, ავთანდილ ჯორბენაძის მოადგილედ დანიშნეს. ბალუაშვილი ვარდების რევოლუციის დრო დესტაბილიზაციის არდაშვებასა და დამნაშავეების დასჯაზე საუბრობდა. უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივნის, თედო ჯაფარიძის, პროტესტის ნიშნად გადადგომის შემდეგ კი, მისი ადგილი დაიკავა. ბალუაშვილმა ამ თანამდებობაზე სულ რამდენიმე დღე გაატარა, შევარდნაძის გადადგომის შემდეგ მასაც მოუწია საჯარო სამსახურიდან წასვლა.

კომენტარები