მაღალი პრემიები

ბერძენიშვილი: ჩვენმა პარტნიორებმა საკრებულოში არაკვალიფიციური ხალხი მიიყვანეს

radiotavisupleba.ge

ჩვენმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა საკრებულოში არა პოლიტიკითა და თვითმართველობის საკითხებით დაინტერესებული პირები, არამედ ის ადამიანები შეიყვანეს ვინც თვლის, რომ უბრალოდ სამსახური იშოვა - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

ბერძენიშვილი საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის სახელფასო დანამატების მიცემის თაობაზე საკრებულოს ბიუროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საკრებულოში არაკვალიფიციური ადამიანების დასაქმებაზე პასუხისმგებლობა მათ წარმდგენ პარტიებს, მათ შორის მისი პარტიის პოლიტიკურ პარტნიორებს ეკისრებათ.

"თბილისის საკრებულო შეკრებისთანავე, განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს დაეთანხმა, რომ არ აიღებდნენ პრემიებს, რასაც ზარ-ზეიმით მოაწერეს ხელი. ჩვენი მოთხოვნა იყო, რეგლამენტში ჩაწერილიყო, რომ საკრებულოს თანამდებობის პირები - ფრაქციების, კომისიების თავმჯდომარეები და სპიკერატის წარმომადგენლები მაღალ შემოსავალს დაყაბულდებოდნენ. გარდა ხელფასისა, მათ ემსახურებათ მანქანა, აქვთ ბენზინი, არის სხვა პრივილეგიები – თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირებს შრომის კარგი პირობები აქვთ. პერმანენტულად გრძელდებოდა მცდელობა იმისა, რომ რაკი პრემიაზე უარი ვთქვით, მოდი დანამატები მივიღოთ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისის საკრებულოში არის ძალიან უსიამოვნო ვითარება, როცა ყველა ფრაქცია, გარდა რესპუბლიკელებისა, ასევე ოპოზიციაში გადასულად მიჩნეული თავისუფალი დემოკრატები, რომლებმაც ბიუჯეტს ხმა მისცეს, დაინტერესებული არიან, დანამატები აიღონ და პრაქტიკულად ხელფასი გაიორმაგონ. იყო მცდელობები, რომ რაც შემოსავალი აქვთ 100%-ით მეტი ჰქონდეთ, კიდევ სამ თვეში ერთხელ მიიღონ პრემია - მოკლედ, რეალურად დეპუტატის და თანამდებობის პირი დეპუტატის შემოსავალზე მეტი ჰქონდეთ. მაშინ ამ მცდელობის გაჩერება მოხერხდა - ჩვენი აქტიურობით ეს განსაკუთრებული მოთხოვნა ფრაქცია ქართული ოცნებისა და სხვა პარტნიორი ფრაქციების მხრიდან, გავაჩერეთ. იმედი გვქონდა, რომ საკითხი ხელახლა აღარ წამოიწეოდა, მაგრამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე "შემოაპარეს". საკრებულოს თავმჯდომარე თავად ვერ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და უნდა ბიუროს თანხმობა. პენსიონერს 10 ლარს უმატებ და თბილისის საკრებულოს ისედაც კარგად უზრუნველყოფილი თანამდებობის პირები დეპუტატებზე მაღალი ხელფასის მქონენი აღმოჩნდნენ, რაც მათ არც პოლიტიკურ და არც მორალურ პრობლემას არ უქმნის", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

კომენტარები