კალაძე: შეთანხმების რატიფიცირებაზე დასწრება პარლამენტის პრეროგატივაა

საქართველოს ვიცეპრემიერის კახა კალაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ დაესწრება. კითხვაზე, რატომ არ ესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები ევროპარლამენტის სხდომას, კალაძე პასუხობს, რომ ეს პარლამენტის პრეროგატივაა. 

"ხელისუფლების წარმომადგენლებს რაც შეეხება, ეს პარლამენტის პრეროგატივაა და, შესაბამისად, ბატონი დავით უსუფაშვილია მიწვეული. უბრალოდ, პრობლემა არის ის, რომ მე როგორც ვიცი, ბატონ დავითს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და იქნება სხვა წარმომადგენლობითი ჯგუფი საქართველოდან", - ამბობს ვიცეპრემიერი.

ევროპარლამენტის სხდომას, რომელზეც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას უყრიან კენჭს, საქართველოს მთავრობიდან არავინ დაესწრება. სხდომას ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საქართველოს პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარე დაესწრებიან. ასევე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე.

"ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოფილიყო წარმოდგენილი სხდომაზე, პროცედურით გათვალისწინებული არ იყო. ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არსებობდა, მაგრამ სავალდებულო ეს ნამდვილად არ იყო", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ.

საქართველოს პრემიერმა ევროპარლამენტის წევრებს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისთვის მადლობა წინასწარ, წერილით გადაუხადა.

"გწერთ, რათა ქართველი ხალხის სახელით წინასწარ გადაგიხადოთ მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, ამ მომენტში, რომელიც გადამწყვეტია როგორც საქართველოს, ისე უფრო ფარო ევროპის რეგიონის ისტორიაში… ევროპასთან მეტად ინტეგგრაცია ის მიზანია, რომლისთვის საბრძოლველად და რომლის მისაღწევადაც ქართველი ხალხი და მათი ყველა ლიდერია მოწოდებული", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარებისადმი მიწერილ წერილში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის კენჭისყრა სტრასბურგში 18 დეკემბერს დაგეგმილ სხდომაზე გაიმართება. ცნობილია, რომ სხდომას, ევროპის სახალხო პარტიის მიწვევით, სპეციალური სტუმრის სტატუსით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.

კომენტარები