ევროპარლამენტის სხდომას, რომელზეც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას უყრიან კენჭს, საქართველოს მთავრობიდან არავინ დაესწრება.
სხდომას ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საქართველოს პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარე დაესწრებიან.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგი გიგიაძის ინფორმაციით, სხდომას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე დაესწრება.
“ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოფილიყო წარმოდგენილი სხდომაზე, პროცედურით გათვალისწინებული არ იყო. ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არსებობდა, მაგრამ სავალდებულო ეს ნამდვილად არ იყო,” - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს პრემიერმა ევროპარლამენტის წევრებს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისთვის მადლობა წინასწარ, წერილით გადაუხადა.
“გწერთ, რათა ქართველი ხალხის სახელით წინასწარ გადაგიხადოთ მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, ამ მომენტში, რომელიც გადამწყვეტია როგორც საქართველოს, ისე უფრო ფარო ევროპის რეგიონის ისტორიაში… ევროპასთან მეტად ინტეგგრაცია ის მიზანია, რომლისთვის საბრძოლველად და რომლის მისაღწევადაც ქართველი ხალხი და მათი ყველა ლიდერია მოწოდებული,” - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარებისადმი მიწერილ წერილში.
სტრასბურგში ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უნდა დასწრებოდა. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, დავით უსუფაშვილი ხსდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის კენჭისყრა სტრასბურგში 18 დეკემბერს დაგეგმილ სხდომაზე გაიმართება. ცნობილია, რომ სხდომას, ევროპის სახალხო პარტიის მიწვევით, სპეციალური სტუმრის სტატუსით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.





