შეთანხმების რატიფიცირებას EPP-ს მოწვევით მიხეილ სააკაშვილი დაესწრება

იასეკ სარიუშ-ვოლსკი, ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტი
eurodialogue.eu

ევროპის სახალხო პარტიამ სხდომაზე, რომელზეც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას უყრიან კენჭს, მიხეილ სააკაშვილი მიიწვია.

“ჩვენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  მოვიწვიეთ, რადგან სწორედ მისი რეფორმების და პოლიტიკური გუნდის დამსახურებაა, რომ ამ დოკუმენტის რატიფიცირების შესაძლებლობა გვაქვს,” - აღნიშნა ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტმა იასეკ სარიუშ-ვოლსკიმ რუსთავი 2-თან საუბრისას.

სარიუშ-ვოლსკის თქმით, ასოცირების შეთანხმებას თან ახლავს რეზოლუცია, რომელიც საკმაოდ კრიტიკულია საქარველოს დღევანდელი ხელისუფლებისადმი.

“ეს ეხება დემოკრატიის უკუსვლას, სასამართლო სისტემაში დარღვევებს, შერჩევით სამართალს და ა.შ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ასოცირების შეთანხმებას ქართველ ხალხთან და საქართველოს სახელმწიფოსთან  ვაფორმებთ, რომელიც თანამედროვე გახდა და შეიცვალა სააკაშვილის მმართველობის დროს. მაგრამ, თუ ქართული ოცნებისა და ივანიშვილის ქმედებებით ვიმსჯელებთ, რომელიც პირდაპირ დემოკრატიის უკუსვლასთან ასოცირდება, სერიოზული ეჭვები გვიჩნდება რატიფიცირებასთან დაკავშირებით,” - თქვა სარიუშ-ვოლსკიმ. [რუსთავი 2-ის თარგმანი]

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას ხვალ, 17 დეკემბერს განიხილავენ. საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისთვის კენჭისყრა კი სტრასბურგში 18 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები