საყდრისი-ყაჩაღიანი

სააკაშვილი: საყდრისის აფეთქება ძალიან მძიმე დარტყმაა ქართულ კულტურაზე

საყდრისის სადავო ტერიტორიაზე სამუშაოების განახლებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა. 

"საყდრისის ოქროს საბადოს, უძველესი ქართული კულტურული, ოქროს საწმისის ეპოქის ფასდაუდებელი მატერიალური ძეგლის ბარბაროსული აფეთქება ძალიან მძიმე დარტყმაა ქართულ კულტურასა და ასევე მსოფლიო მემკვიდრეობაზე. რუსი მფლობელების მოთხოვნას და ვინმე უჩას, ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის სიხარბეს შეეწირა ჩვენი ისტორიული სიმდიდრე, რომელსაც საუკუნეების განმავლოვაში, ქვეყნისთვის სიმდიდრე და სახელი უნდა მოეტანა, მოეზიდა ტურისტები.

ის რაც შევარდნაძის დროს მამალაძემაც კი, ვერ გაბედა და ჩემი პრეზიდენტობის დროს, რა თქმა უნდა, საერთოდ წარმოუდგენელი იყო, ერთი ოლიგარქის ახირებამ და მისი ნათესავების მატერიალურმა დაინტერესებამ შეიწირა. თალიბების მიერ კლდეში გამოკვეთილი ბუდების აფეთქების შემდეგ ვერ ვიხსენებ ამ დონის ვანდალიზმს მსოფლიოში. ეს არის პირდაპირი შედეგი კორუფციის, უპასუხისმგებლობისა და უმეცრების, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს ყველა მიმართულებით.

მოვუწოდებ ყველას ვისაც ეს ეხება, ახლა მაინც, შეაჩერებინონ უკანონო სამუშაოები, რათა ის მაინც გადავარჩინოთ, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია" - წერს სააკაშვილი.

კომენტარები