საკადრო ცვლილებები

უტიაშვილი: ღარიბაშვილის კადრების სხვებით ჩანაცვლების პროცესი გრძელდება

შოთა უტიაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შოთა უტიაშვილის შეფასებით, შს მინისტრის მოადგილის გიორგი ზედელაშვილის გადადგომა არის ყველაზე ხმაურიანი გადადგომა ბოლოდროინდელ ცხრა გადადგომას შორის. მისივე თქმით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის კადრების სხვებით ჩანაცვლების პროცესი გრძელდება.

"გიორგი ზედელაშვილი იყო პრემიერთან დაახლოებული პიროვნება. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი თუ ყველაზე გავლენიანი არა, შინაგან საქმეთა სამინისტროში. მისი თანამდებობიდან ჩამოცილება არის იმ ჯაჭვის გაგრძელება, რომელსაც უკვე რვა სხვა მაღალჩინოსანის გადადგომა მოჰყვა, რომლებიც ასევე განიხილებოდნენ პრემიერის გუნდის წევრებად. ღარიბაშვილის კადრების სხვებით ჩანაცვლების პროცესი გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინ თქვა პრემიერმა, რომ ეს პროცესი დამთავრდა და გადადგომები აღარ იქნებოდა. ეს არის ყველაზე ხმაურიანი გადადგომა ამ ცხრა გადადგომას შორის", - განაცხადა უტიაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ზედელაშვილმა თანამდებობა გუშინ დატოვა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში თანამდებობა დატოვა რამდენიმე იმ თანამდებობის პირმა, ვინც თამაზ თამაზაშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის კადრებად მოიაზრებოდა. მათ შორის არიან ზვიად ჯანყარაშვილი და გურიის გუბერნატორი. ასევე, სუს-ის უფროსი მალხაზ ჩიკვილაძე.

კომენტარები