ტრანსპორტი

ავიაკომპანია აირზენა თბილისი-მოსკოვის მიმართულებით რეისებს წყვეტს

Wikipedia.com

ავიაკომპანია აირზენას თანამშრომლები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მათი პროტესტი ქართულ ბაზარზე რუსული ავიაკომპანიების შემოსვლას უკავშირდება, რომლებიც არაჯანსაღი კონკურენციის გზით ქართულ ავიაკომპანიებს მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს აყენებენ. აირზენას თანამშრომლები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან რუსული ავიაკომპანიებისთვის მინიჭებული ფრენების სიხშირის შემცირებასაც მოითხოვენ.

აირზენას დირექტორი იასე ზაუტაშვილი სამოაქალაქო ავიაციის სააგენტოს შეახსენებს, რომ ქართულმა და რუსულმა მხარეებმა ფრენები სრულ პარიტეტულ რეჟიმში უნდა შეასრულონ, რაც თავიდანვე რუსული კომპანიების ქართულ ბაზარზე შემოსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო.

რუსულ და ქართულ მხარეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პარიტეტულ რეჟიმში 14-14 რეისის შესრულების უფლება მიანაიჭა, რომელსაც ერთი ქართული და ორი რუსული კომპანია Aeroflot და Siberia Airlines ასრულებენ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში თბილისი-მოსკოვის რეისის შესრულებაზე ნოემბერში კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანიის Transaero-ს მოთხოვნა შევიდა, კომპანია კვირაში შვიდი სიხშირის დამტკიცებას მოითხოვდა, რაც პარიტეტულ რეჟიმს დაარღვევდა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვი-თბილისის რეგულარული რეისები ექვსწლიანი პაუზის შემდეგ 2014 წლის 27 ოქტომბერს ქართულ ბაზარზე Aeroflot-ის დაბრუნებით აღდგა.

დღეისათვის რუსული კომპანიების ბილეთების ფასი ქართულზე უფრო ნაკლებია, რასაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში რუსული კომპანიებისთვის უფრო ხელმისაწვდომი საწვავის არსებობით ხსნიან.

აირზენას თანამშრომლების მოთხოვნებში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან ფრენებზე მინიმალური ტარიფის შემოღებაც შედის, რაც კომპანიებს ფრენის თვითღირებულებაზე დაბალი თანხით რეისების შესრულებას უკრძალავს. 

კომენტარები