ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი წლის თავზე ეროვნულმა ვალუტამ ორჯერ განიცადა მკვეთრი დევალვაცია და ორჯერ გაირღვა ბიუჯეტი. ცხოვრება გაძვირდა. ელექტროენერგიის გათიშვებმა რეგულარული ხასიათი მიიღო. ცალმხრივი დათმობების ფონზე კრახით დასრულდა რუსეთთან დალაგების პოლიტიკა. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიის ფორმალიზება ფინალს მიუახლოვდა. ურთიერთობა გავიფუჭეთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან, აზერბაიჯანთან და უკრაინასთან. მუდმივი კრიტიკა გვესმის დასავლელი პარტნიორების მხრიდან, იმ ფონზე, როდესაც მაღალი დონის შეხვედრების დღის წესრიგიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ფაქტობრივად ამოღებულია.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ქვეყნის უზენაესი ხელისუფალი, ბიძინა ივანიშვილი ინფანტილურ ჯინიანობას განაგრძობს, გვიმტკიცებს, რომ ტაბულას ტყუილად უხარია, სინამდვილეში ყველაფერი კარგადაა და მთავრობა კარგად მუშაობს.
ამის პარალელურად ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევენების შემდეგ ყველაზე მასშტაბური წმენდა მიმდინარეობს. იმ ფონზე როდესაც ოფიციალურ კომენტარს ყველა თავს არიდებს, ხელისუფლებაში მიმდინარე ცვლილებები ღარიბაშვილის პოზიციების შესუსტებად ფასდება, იმდენად რამდენადაც მოხსნილი თანამდებობის პირების უმეტესობა, ან მისი ცოლის, ნუნუ თამაზაშვილის ნათესავია, ანაც ნუნუსთან დაახლოებული პირი.
რა პოლიტიკურ გზავნილს შეიცავს ეს ცვლილებები, რას უნდა ველოდოთ მომავალში - მხოლოდ პერსონალი იცვლება, თუ პოლიტიკის ცვლილებაც უნდა ველოდოთ. ამ თემაზე სტუმრებთან ერთად ვსაუბრობთ.




