გენერალი გიორგი კალანდაძის დაკავებისას ჩემს მიერ ჩატარებული პროცედურა დღესაც მეამაყება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.
წულუკიანი კალანდაძის სარჩელთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს განაჩენს გამოეხმაურა.
"გიორგი კალანდაძეს სააპელაციო სასამართლომ არ დაუკმაყოფილა ჩემს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი. როგორც იცით, ის დაობდა იმაზე, თითქოს მე მისი ღირსება შევულახე, მე კი პირიქით ვფიქრობ, როცა ის დავაკავე, როგორც გენერალურმა პროკურორმა, დავაკავე ღირსების დაცვით და პროცედურა, რომელიც დაკავებისას ჩავატარე, დღესაც მეამაყება. ეს იყო ადამიანის უფლებების დაცვით ჩატარებული პროცედურა, ისეთი პროცედურა, რომელიც არ ლახავს გენერლის ღირსებას, მაგრამ რატომღაც მან სხვაგვარად ჩათვალა და სასამართლოში იჩივლა. გიორგი კალანდაძემ განიცადა სამართლებრივი კრახი, რაც ჩემთვის, როგორც მხარისთვის, სასიხარულოა", - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კალანდაძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისაგან მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადებების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გენერალ კალანდაძის საჩივარში მოყვანილი ფაქტები არ გაიზიარა და არასაკმარისი მტკიცებულებების გამო იგი არ დააკმაყოფილა.
გენერალი კალანდაძე მიიჩნევდა, რომ თეა წულუკიანმა სატელევიზიო გამოსვლაში, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა პოზიციაში სტუმრობისას, გენერალური შტაბის უფროსის შესახებ მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია გაავრცელა, რითაც შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. მოსარჩელე მხარე ითხოვდა მორალური ზიანის ანაზღაურებას. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოპასუხე თეა წულუკიანის წარმომადგენლის არგუმენტები, რომ გენერალი კალანდაძე იყო არა კერძო, არამედ საჯარო პირი, ხოლო სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადება ეხებოდა არა დადასტურებულ ფაქტებს, არამედ გადამოწმებულ მოსაზრებებს, ნივთმტკიცების წარდგენა კი სასამართლოში არ მომხდარა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.





