ქართული ოცნება

ნოდია: პრემიერმინისტრი დარჩა ყურაწეული, მაგრამ დარჩა პრემიერმინისტრად

პოლიტოლოგ გია ნოდიას შეფასებით, ბოლო პერიოდში ე.წ ღარიბაშვილის კლანის წმენდა ხელისუფლების მიმართ ნდობის ამაღლებას არ გამოიწვევს. ნოდიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემას წამყვანის კითხვას უპასუხა, "შეიძლება თუ არა, ივანიშვილმა ღარიბაშვილის კლანის ერთგვარი მოსუფთავებით შეძლოს, საზოგადოებას დაანახოს, რომ მან გარკვეულწილად გაიგო ხელისუფლების პრობლემური მუშაობის შესახებ და გარკვეული ცვლილებები განახორციელა. შეძლებს თუ არა ივანიშვილი, რომ ღარიბაშვილის ხალხის თანამდებობიდან მოხსნით გარკვეულწილად გაიხანგრძლივოს ნდობა". ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეში შვიდი თანამდებობის პირი, მათ შორის, გურიის გუბერნატორი და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა - მათი უმრავლესობა თამაზ თამაზაშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვიდან. გია ნოდიას თქმით, ამ ყველაფერში ძალიან ძნელია ხელისუფლებისთვის პოზიტიური კუთხის მონახვა.

"ვხედავთ, რომ ციდან რაღაც უხილავი ხელი ჩამოვიდა და ყური აუწია პრემიერს. პრემიერმინისტრი დარჩა ყურაწეული, მაგრამ დარჩა პრემიერმინისტრი. ანუ ეს არანაირ ნდობის ამაღლებას არ გამოიწვევს, იმიტომ, რომ თუ პრემიერი თავის კლანს ახარებდა და ის კვლავ პრემიერმინისტრია, რაციონალურად არაფრის გაუმჯობესებას არ უნდა ელოდო. ივანიშვილს შეუძლია, რომ ეს უხილავი ყოვლისშემძლე ხელი შეაწმინდოს პრემიერს და თქვას, რომ "პრემიერი უტიფარი აღმოჩნდა, თავის ნათესავები ზედმეტად გაამდიდრა, ის გავუშვათ, ვიღაც ახალი და პოპულარული მოვიყვანოთ და რაღაც რეფორმების ახალი ეტაპი დავიწყოთ". რამე ამდაგვარი რომ გაეკეთებინა მთავრობას, უფრო აზრიანი იქნებოდა. იმუშავებდა-არ იმუშავებდა სხვა საქმეა, მაგრამ მოსახლეობის რაღაც სეგმენტს ახალ იმედებს ჩაუსახავდა. ახლა რაც მოხდა, შესაძლოა, ივანიშვილმა პირადი გაღიზიანების მოტივით, რომ "კი იპარავენ, მაგრამ ამდენიც არ შეიძლება", ყური აუწია თავის შეგირდს, არ მგონია, თუნდაც ჩაფიქრებული იყოს საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად, რადგან შეუძლებელია, ამით მთავრობის ნდობა აღდგეს"- განაცხადა ნოდიამ გადაცემა თეორემაში.

პოლიტოლოგის თქმით, ჩანს, რომ ახლა "ოჯახში წესრიგი არ არის. შეუძლებელია, ამდენი ხალხი და ყველა ღარიბაშვილის გარშემო იხსნებოდეს თანამდებობიდან, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად არის". ნოდია აღნიშნავს, რომ "შიდაოჯახური გარჩევები მიდის, ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ თქვენ არ ინერვიულოთ". მისი შეფასებით, შეუძლებელია, ამას მთავრობის მიმართ ნდობაზე ჰქონდეს პოზიტიური გავლენა.

"თეორიულად შეიძლება თქვა, რომ ამის შემდეგ მთავრობა უკეთესად იმუშავებს, მაგრამ ამის გამო, საზოგადოების ნდობა არ შეიცვლება" - აღნიშნავს ნოდია.

კომენტარები