დაზვერვის სამსახური

პრემიერი: წინა წლებში დაზვერვის სამსახურს არ ჰქონდა ხელისუფლების მხარდაჭერა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ქართული სპეცსამსახურების ინსტიტუციონალურ ჩამოყალიბებასა და განვითარებას". ამის შესახებ პრემიერმა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ახალ სასწავლო ცენტრში სტუმრობისას თქვა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათზე სათანადო რეაგირებისათვის საქართველოს ძლიერი დაზვერვის სამსახური სჭირდება. პრემიერის განცხადებით, საფრთხეების დროული იდენტიფიცირება და საქართველოს ხელისუფლების წინმსწრები ინფორმირებულობა რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

"გასულ წლებში საქართველოს დაზვერვის სამსახურს არ ჰქონდა ხელისუფლების სათანადო მხარდაჭერა. რომ არა ამ სამსახურის მიმართ მათი არაჯეროვანი დამოკიდებულება, ჩვენი ქვეყანა ბევრ დიდ პრობლემას აიცილებდა თავიდან. დღეს საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს დაზვერვის სამსახურის გამართულ და ეფექტურ მუშაობას, რადგან ეს სამსახური უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას”, - განაცხადა პრემიერმინისტრმა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პარტნიორ სპეცსამსახურებთან ინტენსიური კავშირების განვითარებას, ასევე, სადაზვერვო საქმიანობის სრულყოფის მიზნით, აუცილებელია უწყებათაშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, თავდაცვის სამინისტროებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან.

კომენტარები