ლარის გაუფასურება

ჯაფარიძე: ინვესტიციებისა და ექსპორტის კლება ეკონომიკურ პრობლემებზე მიუთითებს

ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ეროვნული ვალუტის მდგომარეობა პირდაპირ ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. მისი თქმით, ლარის გაუფასურების მიზეზი საგარეო ფაქტორები არ ყოფილა.

"ცალსახად ჩანს, რომ ქვეყნის შიგნით არის ძალიან სერიოზული პრობლემები. ორი მაჩვენებელი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება და ექსპორტის კლება ბოლო თვეებში. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობას ბოლო ორი წელი არ აქვს გააზრებული ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა" - განაცხადა ჯაფარიძემ რუსთავი 2-ის ეთერში. 

ჯაფარიძის თქმით საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება ახალი ხელისუფლების რევიზიონისტულმა პოლიტიკამ გამოიწვია. ამ რევიზიონისტული პოლიტიკის შედეგად კი ქვეყანაში არასტაბილურობის განცდა გაჩნდა.

"ეს პრობლემები გამოიწვია იმან, რომ მთავრობამ გადაწყვიტა წასულიყო რევიზიონისტული გზით და შეეცვალა ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას ჰქონდა წინა წლების განმავლობაში.ამ რევიზიონისტულმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ქვეყანაში გაუარესდა საინვესტიციო გარემო, ზოგადად გაჩნდა არასტაბილურობის განცდა, რის გამოც ქვეყნის შიგნითაც ბიზნესები დიდი ხნის განმავლობაში გაჩერებულები იყვნენ და ახლაც მაინცდამაინც დიდი აქტივობა ინვესტიციების განხორციელების მხრივ არ იგრძნობა. ასევე გარე ინვესტორებისთვისაც აქ არსებული გარემო არის სრულიად არაპროგნოზირებადი, არავინ იცის ხვალ მთავრობა რა ახალი, მე ვიტყოდი, სულელური ინიციატივით გამოვა. ამ არასტაბილურობის განცდის გამო არის ის, რომ ქვეყნის ეკონომიკას გაუჩნდა პრობლემები" - განმარტა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში მდგომარეობას გამოასწორებს ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარულ ბაზარზე ინტერვენცია, რაც გულისხმობს რეზერვების ნაწილის გამოყენებას ლარის კურსის დასტაბილიზების მიზნით. ასევე, ჯაფარიძის აზრით, უმჯობესია ბიუჯეტი გაირღვეს, ვიდრე წლის ბოლო თვეში მოხდეს თანხების დახარჯვა.

"მე მგონია, რომ ძალიან ცოტა ადამიანი დარჩა, რომელსაც აქვს იმედი, რომ ეს მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებს, რადგან გვყავს ოლიგარქი,რომელსაც აქვს სხვა მიზნები და გვყავს მთავრობა, რომელიც მომართულია ემსახუროს ამ ოლიგარქს და არ არის მომართული, რომ ემსახუროს ხალხს. ეს ორი სხვადასხვა მიზანია და შეუძლებელია მთავრობამ ამ ორ მიზანს ერთნაირად მიაღწიოს" - განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები