ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ბრუნდება - ჯერჯერობით მხოლოდ უკრაინაში.
ივანიშვილის ხელქვეითებმა ეს სიახლე შესაშური ოპერატიულობით დაგმეს და უკრაინას საქართველოსთან ურთიერთობების გაფუჭებით დაემუქრენ.
საგულისხმოა, რომ ასეთი შემართება ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას არ გამოუჩენია მაშინ, როდესაც იანუკოვიჩმა უკრაინელ ხალხს ევროპული არჩევანის წართმევა დაუპირა და 100 ადამიანი მოკლა მაიდანზე, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები. არც მაშინ როდესაც პუტინმა ყირიმისა და დონბასის ოკუპაცია მოახდინა.
უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილის მთავრობას ასეთი ცალსახა აღშფოთება არც მაშინ გამოუხატავს, როდესაც პუტინმა მავთულხლართებით საქართველოში ახალი მიწების მიტაცება დაიწყო და ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიიის ფორმალიზებას მიჰყო ხელი.
ცალკე საკითხია, როგორ შეასრულებს მუქარას ან შეუძლია მოიმოქმედოს ჩვენმა ხელისუფლებამ უკრაინის წინააღმდეგ - შეუძლია თურქეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ, ზომით მესამე სავაჭრო პარტნიორს სავაჭრო ბლოკადა გამოუცხადოს და უკრაინელები ქართული ხილ-ბოსტნეულისა და ღვინის გარეშე დატოვოს. შეუძლია ზაქარია ქუცნაშვილის მახვილგონივრული იდეა გაიზიაროს და ვიქტორ იანუკოვიჩი დანიშნოს რომელიმე მინისტრად. ან სააკაშვილთან ბრძოლაში მიღებული გამოცდილებით იხელმძღვანელოს და პუტინთან ომის დაწყება უკრაინას დააბრალოს. ანაც ყველას ჯინაზე ყირიმი რუსეთის განუყოფელ ნაწილად ცნოს და დონბასის დამოუკიდებლობა აღაროს.
ცხადია, რომ ამ ნაბიჯებს ქართული ოცნება ვერ გადადგამს - უკრაინასთან მეგობრობის გაფუჭების მუქარა ბლეფია, რომელმაც უკრაინის მთავრობასთან არ გაჭრა.
ივანიშვილი აფრთხობს იმის წარმოდგენა, რომ შესაძლოა აქ მის მიერ მიჯირყვნილმა ბიზნესმა, თავშესაფარი უკრაინაში იპოვოს.
მილიარდერის უკრაინულ შიშებს რომ თავი დავანებოთ, საქართველოში განვითარებული მოვლენებიც საკმარისია იმის დასტურად რომ ქართული ოცნებას ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი წლის თავზე პოზიციები მნიშვნელოვნად შეერყა.
ივანიშვილმა საკუთარი ახირებების გამო გადაიმტერა პრეზიდენტი და ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც მის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა საზღარგარეთ. მოსმენების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებმა ცხადყო რომ ბატონ ბიძინას ბოლომდე და ყველაფერში არც რესპუბლიკელები მიყვებიან. საკმარისია დამატებით ხუთი-ექვსი დეპუტატი გაანაწყენოს და ივანიშვილი პარლამენტში უმრავლესობას დაკარგავს.
ამ თემებზე ვისაუბრებთ თეორემას პირველ ნაწილში.




