კორუფციის აღქმის ინდექსი

TI: ელიტური კორუფცია ქვეყნისთვის გამოწვევად რჩება

კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო 175 ქვეყნიდან 50-ე ადგილზეა. რეიტინგში, რომელიც ექვსი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევას ემყარება, საქართველოს 52 ქულა აქვს მინიჭებული. ამ მაჩვენებლით საქართველოს რეგიონში ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს. გასულ წელს მაჩვენებელი დაახლოებით იგივე, 50 ქულა იყო. საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელის ერეკლე ურუშაძის შეფასებით, ქვეყანას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით ბოლო 3 წლის განმავლობაში არც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებია ჰქონია და არც გაუარესება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით კი, ქვეყანაში მთავარ გამოწვევად რჩება ელიტური კორუფცია, ნეპოტიზმი, დამოუკიდებელი საჯარო სამსახურების არარსებობა და სახელმწიფო შესყიდვები. ეკა გიგაურის განმარტებით, აუცილებელია შეიქმნას ანტიკორუფციული სამსახური, რომელიც პასუხისმგებელი პარლამენტის წინაშე იქნება.

"იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ეფექტური იქნებოდა ელიტურ კორუფციასთან ბრძოლაში, აქ ჩვენ ვნახავდით სერიოზულ გაუმჯობესებას, თუმცა, ეს გაუმჯობესება ჩვენ არ გვაქვს. თავისთავად, ეს შედეგი არის ძალიან კარგი და ჩვენ ეს შედეგი გვაქვს ბოლო რამდენიმე წელია. თუმცა, ჩვენ ვფიქრობდით, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს კორუფციის რისკები და ეს ძირითადად ელიტურ კორუფციას უკავშირდება. ამ მიმართულებით, მთავრობა ჯერჯერობით ეფექტური არ არის", - განაცხადა გიგაურმა.

საერთაშორისო გამჭვირვალობამ კორუფციის აღქმის ინდექსი 175 ქვეყანაში გამოიკვლია. კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დანიაში, ახალ ზელანდიასა და ფინეთშია, ყველაზე მაღალი კი, სომალისა და ჩრდილოეთ კორეაში.

კომენტარები