რკინიგზელთა პროტესტი

საქართველოს რკინიგზასა და ახალ პროფკავშირს შორის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს რკინიგზასა და რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს შორის შეთანხმება გაფორმდა. მას ხელს რკინიგზის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ტიტვინიძე და პროფკავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე აწერენ.

"1. საახალწლოდ პრემია გაიცემა თანამდებობრივი სარგოს 50%-ის ოდენობით;

2. ახალ სახელფასო სისტემაზე გადასვლა არ გულისხმობს და არ ითვალისწინებს ხელფასის კლებას კომპანიაში მოქმედ/დასაქმებულ იმ თანამშრომლებზე, რომელთა ყოველთვიური თანადმებობრივი სარგო შეადგენს 1250 ლარს ან ნაკლებს (გარდა რკინიგზის მართვის ცენტრალური აპარატისა და ფილიალების ადმინისტრაციის თანამშრომლებისა). აგრეთვე დისპეჩერებზე, მემანქანის ინსტრუქტორზე და სავაგონო დეპარტამენტის ცვლის ოსტატზე. შეასბამისად, აღნიშნულ პოზიციებზე არსებული თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება მინიმუმად. შემუშავებული სისტემა, რომელიც დაინერგება 2015 წლიდან, ითვალისწინებს რკინიგზის ყველა თანამშრომლისთვის, მათი გამოცდილების და სტაჟის მიხედვით, პერიოდული ზრდის შესაძლებლობას.

3. ახალი სახელფასო სისტემით გათვალისწინებულია კლასით და თანრიგებით ხელფასის განსხვავება, ხოლო 2015 წლის 1 იანვრიდან სახელფასო სისტემის ძალაში შესვლამდე, მემანქანეების ყოველთვიურ სარგოზე დაწესდება მესამე, მეორე და პირველი კლასის დანამატის შესაბამისად 5%-10%-15%-ის ოდენობით და დანამატი მემანქანის თანაშემწეებისთვის მართვის მოწმობაზე 5%-ის ოდენობით. ამასთან, სახელფასო სისტემით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოში, შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება აღნიშნული დანამატი;

4. ნამსახურების (სტაჟი) და თანრიგის კოეფიციენტი განისაზღვრება კონკრეტული პროფესიებისათვის და საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირთან წინასწარი კონსულტაციების შემდეგ აისახება სახელფასო სისტემაში. ამავდროულად, "სტაჟი" წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს და სხვა თანაბარ პირობებში "სტაჟს" მიენიჭება უპირატესობა;

5. 2015 წლის არაუგვიანეს მეორე კვარტლისა, ძალაში შედის ახალი საპრემიო-სამოტივაციო სისტემა საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირთან კონსულტაციების შემდეგ, რაც შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისცემს თანამშრომელს შესაძლებლობას, კვარტალში ერთხელ მიიღოს პრემია. 3 თვის დარიცხული ხელფასის 30%. 1 წლის პერიოდით, ეს გულისხმობს დაახლოებით დამატებით 4 თვის ხელფასს;

6. ახალი სახელფასო სისტემით გათვალისწინებული საპრეტენზიო კომისიები დაკომპლექტდება სს საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციისა და საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენლებით;

7. ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს სასამართლო დავა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის დასრულების შემდეგაც, თითოეულ რკინიგზელს აუნაზღაურდება ზეგანაკვეთური შრომა 2014 წლის 1 იანვრიდან გაზრდილი ტარიფით;

8. შეიქმნება სპეციალური კომისია სს საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციისა და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენელთა შემადგენლობით პარიტეტულ საწყისებზე. აღნიშნული კომისიის მიზანია გაფიცვამდე, გაფიცვის მინდინარებოსა და გაფიცვის შემდგომ, რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლთა მიერ გაფიცულთა მიმართ ზეწოლის განხორციელების, დევნის და შევიწროების ფაქტების (დათხოვნა, დაქვეითება, ფინანსური სანქციების გატარება და სხვა სახით დისციპლინყური სასჯელის ფორმა) შესწავლა და კომპანიის დირექტორთა საბჭოსთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება. ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, აღნიშნული ორგანო მიიღებს ადეკვატურ საკადრო და დისციპლინურ გადაწყვეტილებებს. აღნიშნული კომისია ასევე განახორციელებს მონიტორინგს კოლექტიური შეთანხმების შესრულებაზე და განიხილავს ყველა სახის შრომით დავას. აღნიშნული კომისიის დებულებას (კომპეტენციას, მუშაობის რეგლამენტს და ა.შ.) მხარეები განსაზღვრავენ ერთობლივად, წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერიდან 1 კვირის ვადაში და კომისია მოქმედებას დაიწყებს ამ შეთაბხმების ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში. ამ კომისიის გადაწყვეტილებები მხარებისთვის შესასრულებლად სავალდებულოა", - წერია დოკუმენტში.

კომენტარები