რკინიგზელთა პროტესტი

საქართველოს რკინიგზა გაფიცულების სამივე მოთხოვნას დააკმაყოფილებს

რკინიგზის ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება მიღწეულია. გაფიცულმა რკინიგზელებმა პროტესტი შეწყვიტეს. მოლაპარაკებები 6 საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც დირექტორთა საბჭომ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაფიცვა შეწყდება, მოთხოვნები დაკმაყოფილდება და ამის დასტურად, ოქმიც დაფორმდა.

საქართველოს რკინიგზის ფინანსური დირექტორის ირაკლი ტიტვინიძის განცხადებით, პროფკავშირების წარმომადგენლებთან კონსტრუქციული დიალოგი შედგა.

"საუბრისას გამოირიცხა ყოველგვარი რადიკალური მოთხოვნები და შეთანხმებას მივაღწიეთ რკინიგზის თანამშრომლების ძირითად საჭირბოროტო საკითხებზე. ეს მოიცავს სამართლიან საპრემიო სისტემაზე მუშაობას, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას და სტაჟისა და დამსახურების მიხედვით ანაზღაურების სისტემაზე მუშაობას. ეს შეთანხმება გავრცელდება რკინიგზის ყველა თანამშრომელზე", - აღნიშნა ტიტვინიძემ.

რკინიგზელთა ნაწილი გუშინ დილიდან გაიფიცა. ისინი ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას, მე-13 ხელფასს და სტაჟისა და დამსახურებით ხელფასის გაზრდას ითხოვდნენ.

კომენტარები