საქართველოს ეკონომიკა

ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირდა

რეალური მშპ-ს კვარტალური ზრდა, საქართველო
საქსტატი

საქსტატმა 2014 წლის პირველი ათი თვის ეკონომიკური ზრდის ამსახველი მონაცემები გამოაქვეყნა. ოქტომბრის თვის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 3,5% შეადგინა, რაც ყველა გასული კვარტლის მონაცემზე საშუალოდ 2%-ით ნაკლებია. პირველი ათი თვის ეკონომიკური ზრდა 5,6%-ს შეადგენს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, აღნიშნული ეკონომიკური ზრდა იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტის შესრულებას პრობლემები აქვს, საკმარისი არ არის. ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, მთავრობამ წლის ბოლომდე 1,3 მილიარდი ლარის შემოსულობები უნდა მიიღოს, ხოლო დაგეგმილი გადასახდელების თითქმის 16% გადაიხადოს. ჯაფარიძის თქმით, ერთ თვეში სახელმწიფო ამ მასშტაბის შემოსულობების მიღებას და გადასახდელების გადახდას ვერ შეძლებს, რის შედეგადაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება შეფერხდება.

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის შეფასებით, ბიუჯეტს შემოსავლების ნაწილს გარკვეული თანხა, წლის ბოლოს, შესაძლოა დააკლდეს, მაგრამ წინასწარ ამის განსაზღვრა რთული იქნება. 

ეკონომიკური ზრდა მაქსიმალური წლის პირველ კვარტალში იყო, როდესაც 7.1% შეადგინა, თუმცა ექსპერტები ამ ზრდას 2013 წლის ბოლო კვარტლიდან გადმოყოლილად ახასიათებენ. 2013 წლის ბოლო კვარტალში სახელმწიფომ ხარჯვა 600 მილიონამდე გაზარდა, რამაც ეკონომიკური ზრდის სტატისტიკაზე იქონია გავლენა. 2013 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 3.2% იყო.

2015 წლის ბიუჯეტი მთავრობას 5%-იან ზრდაზე აქვს გათვლილი. 

კომენტარები