მიხეილ სააკაშვილი

უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილმა, შესაძლოა, ვიცეპრემიერის პოსტი დაიკავოს

უკრაინული საინფორმაციო სააგენტო კიევპოსტის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა, შესაძლოა, უკრაინაში ვიცეპრემიერის პოსტი დაიკავოს. სტატიაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტის გამო ხელისუფლება მთავრობაში სამუშაოდ უცხოელი სპეციალისტების მოწვევას გეგმავს.

უკრაინის დღევანდელი კანონმდებლობით მაღალ თანამდებობაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის დანიშვნა არ შეიძლება. ქვეყანაში არც ორმაგი მოქალაქეობაა დაშვებული.

თუმცა, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 27 ნოემბერს, ახლადარჩეული რადას პირველ სხდომაზე გაახმაურა ინიციატივა საკანომდებლო ცვლილების შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინის მთავრობას, უცხო ქვეყნის მოქალაქეები მაღალ თანამდებობებზე დანიშნოს.

ნაციონალურ მოძრაობაში ინფორმაცია სააკაშვილის უკრაინის ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნის შესახებ ვერ დაადასტურეს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ამის შესახებ მანაც უკრაინული მედიიდან შეიტყო.

უკრაინაში სააკაშვილის ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნას არასერიოზულად აღიქვამს მმართველი გუნდი. განსხვავებული მოსაზრება არც თავისუფალ დემოკრატებს აქვთ.

სააკაშვილის გარდა, უკრაინული მედია საქართველოს ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების თანამდებობებზე შესაძლო დანიშვნის შესახებაც იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი, შესაძლოა, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრს და გენერალური პროკურორს ზურაბ ადეიშვილს შესთავაზონ. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმავე პოსტზე ეკა ზღულაძის კანდიდატურის განხილვის შესახებ. ინფორმაცია  უკრაინაში ბიზნესომბუდსმენის თანამდებობის შეთავაზების შესახებ დაადასტურა ყოფილმა პრემიერმა ნიკა გილაურმაც, თუმცა ამ უკანასკნელმა შეთავაზებაზე უარი თქვა.

კომენტარები