ბერუჩაშვილის ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდება

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ხვალ NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ განაცხადა.

"ამ კვირაში იგეგმება ორი მნიშვნელოვანი ვიზიტი, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. ორივე შეხვედრას ის ხელმძღვანელობს. ხვალ იხსნება ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალი, სადაც აუცილებლად იქნება შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. გარდა გენერალური მდივნისა, ასევე არის ორმხრივი შეხვედრები. ვმუშაობთ, რომ შედგეს რაც შეიძლება ბევრი ორმხრივი შეხვედრა", - აღნიშნა კერესელიძემ.

მისივე ინფორმაციით, თამარ ბერუჩაშვილი მონაწილეობას მიიღებს 4-5 დეკემბერს დაგეგმილ ეუთოს მინისტერიალშიც, სადაც ის შვეიცარიის პრეზიდენტს, ეუთოს გენერალურ მდივანს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერად საგანგებო დავალებათა ელჩი დავით კერესელიძე მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა დღეს წარადგინა. მისი თქმით, სპიკერი გააკეთებს განცხადებებს უწყების გეგმების, პრიორიტეტების და მიმდინარე მოვლენებზე სამინისტროს პოზიციის შესახებ.

დავით კერესელიძე საგანგებო დავალებათა ელჩად დანიშვნამდე ათენში შავი ზღვის კვლევის ცენტრის ალტერნატიულ დირექტორად მუშაობდა, ასევე იყო საქართველოს ელჩი დანიასა და ნორვეგიაში.

კომენტარები