რამდენიმე დღის წინ Financial Times-ში პრემიერ ღარიბაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის მოუწოდებს დასავლეთს არ მიაწოდონ უკრაინას იარაღი. იმავე ინტერვიუში ღარიბაშვილი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსაც აკრიტიკებს. ამის პარალელურად Deutsche Welle-სთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის დაუშვებლობას გაუსვა ხაზი.
2012 წლის შემდეგ საქართველოს ახალი მთავრობის მიერ ცალმხრივი დათმობების მიუხედავად ან შეიძლება პირიქითაც, სწორედ ასეთი პოლიტიკის გამო, რუსეთი კვლავინდებურად აგრძელებს როგორც ჩვენი მიწების მიტაცებას, ისე უკვე ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის ფორმალიზაციას. როგორც ჩვენი ისე სხვა ქვეყნების, პირველ რიგში უკრაინის, მაგალითზე, ამ ორი წლის განმავლობაში ივანიშვილს და მის ხელქვეითებს უამრავი შესაძლებლობა ქონდათ კრიტიკულად გადაეფასებინათ რუსეთთან ურთიერთობათა დალაგების შესაძლებლობის შესახებ საკუთარი წარმოდგენები. როცა ფაქტები იცვლება, მე ვიცვლი შეხედულებას, ამბობდა ცნობილი ბრიტანელი ეკონომისტი ჯონ მეინარდ კეინსი.
თუმცა რატომ უნდა დავინტერესდეთ კეინსით, როდესაც ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის სახით, ისეთი აკადემიური ნაშრომის ავტორი ყავს, როგორიცაა მრეწველობაში შრომის კოლექტიური ფორმის ორგანიზაციისა და სტიმულირების ნორმატიულ-მეთოდური უზრუნველყოფა და მისი სრულყოფის გზები. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, თეორემას მეორე ნაწილში, სტუმრებთან ერთად ვსაუბრობთ.




