რკინიგზელების გაფიცვა

პროფკავშირები: გაფიცულ რკინიგზელებს ე.წ. პოლიტპატიმრები ემუქრებოდნენ

რკინიგზის თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ. მათ მოთხოვნებს კიდევ ერთი - დეპოს ხელმძღვანელების გადაყენება დაემატა. საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები თავდაპირველად ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას, მეცამეტე ხელფასსა და ახალ სახელფასო სისტემას ითხოვდნენ. გაფიცულებს უკვე შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, რკინიგზის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება. მათი თქმით, გუშინ დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან ერთად გაფიცულებს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები მელორ ვაჩნაძე და ლევან გოგიჩაიშვილიც ემუქრებოდნენ.

თავად მელორ ვაჩნაძე კი, აღნიშნულ ბრალდებებს არ ადასტურებს. როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსს ვაჩნაძემ განუცხადა, შესაძლოა, სასამართლოში ცილისწამების გამო სარჩელიც შეიტანოს. მისი თქმით, გუშინ გაფიცულ რკინიგზელებს ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად ნამდვილად შეხვდა, თუმცა რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ვაჩნაძის განცხადებით, "რკინიგზის თანამშრომლებმა თავადვე ისურვეს უფლებადამცველებთან შეხვედრა".

კომენტარები