რკინიგზელების გაფიცვა

საქართველოს რკინიგზა: გაფიცვა ცალკეული ხელმძღვანელების თვითმიზანია

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ რკინიგზელების მხოლოდ მცირე ნაწილი იფიცება, რკინიგზა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროფკავშირის მიერ გაფიცვა და რადიკალური პოზიცია ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გაფიცვა ცალკეული ხელმძღვანელების თვითმიზანია და არა მოლაპარაკებისა და დიალოგის გზით საკითხების მოგვარების სურვილი.

"საქართველოს რკინიგზა აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, რკინიგზელების უმრავლესობა არ იფიცება. საქართველოს რკინიგზაში პროფკავშირების ერთ ჯგუფსა და მენეჯმენტს შორის თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით რამოდენიმე შეხვედრა გაიმართა. დაფიქსირებული მოთხოვნების ცხრა პუნქტიდან საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტმა შვიდი დადებითად გადაჭრა, დარჩენილი ორი პუნქტიდან ერთ სასამართლო განხილვის საგანია, ხოლო დარჩენილ პუნქტზე ვერ მოხერხდა შეთანხმება. თუკი გავითვალისწინებთ საქართველოს რკინიგზის ახალი მენეჯმენტის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიის შიგნით გატარებულ კორპორატიულ - სოციალურ პოლიტიკას და მის კონსტრუქციულ ნაბიჯებს თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიმართულებით, აღნიშნული ორი პუნქტის გამო პროფკავშირის ამ ჯგუფის მიერ დაჟინებით გაფიცვის ფორმატის შერჩევა და რადიკალური პოზიცია ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გაფიცვა წარმოადგენს მათი ცალკეული ხელძღვანელების თვითმიზანს და არა მოლაპარაკების და დიალოგის გზით საკითხების მოგვარების სურვილს.

მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტი სრული გაგებით ეკიდება მისი თანამშრომლების თუნდაც მცირე ჯგუფის პროტესტის ამ ფორმას და გამოთქვამს მზაობას გამჭვირვალედ და კანონის დაცვით წარიმართოს ეს პროცესი, რაც ადასტურებს მის პროგრესულ ხედვას მსგავსი ტიპის პროცესებთან მიმართებაში. მენეჯმენტი იმედს გამოთქვამს, რომ გაფიცვის ორგანიზატორები დაიცავენ კანონით გათვალისწინებულ ნორმებს და ასევე პატივს სცემენ და არ დაარღვევენ რკინიგზის მომხმარებლებისა და თავიანთი არაგაფიცული კოლეგების უფლებებს. კანონის და პროცედურების სრული დაცვით აწარმოებენ თავიანთი პროტესტის გამოხატვის პროცესს.

აქვე გვინდა ვაცნობოთ საქართველოს მოსახლეობას და ჩვენს პარტნიორებს, რომ გაფიცვის მონაწილეთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე (საქართველოს რკინიგზაში 12 682 ადამიანია დასაქმებული) საქართველოს რკინიგზა განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო გადაზიდვების კუთხით და არანაირ შეფერხებას რკინიგზის სამუშაო პროცესის არცერთ კომპონენტში ადგილი არ ექნება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ცნობით, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით, რკინიგზელთა 60-70%-ია გაფიცული. 

"შეთანხმება რაზეც შედგა პირველი გაფიცვის შემდეგ, 1 წლის წინ, ის შეთანხმება არის სრულად დარღვეული. იმის მაგივრად, რომ რკინიგზელების ხელფასები გაზრდილიყო ახალი სახელფასო სისტემით, სისტემა ითვალისწინებს 2015 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის ატესტაციის შედეგად რკინიგზელების ხელფასების კლებას. ჩვენი მოთხოვნა იყო, გარანტია მიგვეღო იმაზე, რომ კლება არ განხორციელდებოდა ხელფასების. მეორე მოთხოვნა იყო მე-13 ხელფასი, იმიტომ, რომ რკინიგზა ოფიციალური მონაცემებით, არნახულ მოგებაზეა გათვლილი, როგორც ბატონი დაჩი ცაგურია ავრცელებს, შესაბამისად, რკინიგზელებს გაუჩნდათ მოთხოვნა მე-13 ხელფასთან დაკავშირებით საახალწლოდ. მესამე მოთხოვნაა, მას შემდეგ, რაც შრომის კოდექსში შევიდა ცვლილება, ზეგანაკვეთური ტარიფი ანაზღაურებულ იქნას, დღემდე რკინიგზა არ ანაზღაურებს ზედმეტ საათებს", - აღნიშნავს ახალი პროფკავშირის წარმომადგენელი ილია ლეჟავა.

კომენტარები