რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

მაჭავარიანი: მთავრობამ საგარეო-პოლიტიკური კუთხით პრობლემები უნდა აღიაროს

telegraph.ge

პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ვანო მაჭავარიანის შეფასებით, "საგარეო- პოლიტიკური თვალსაზრისით პრობლემაა". როგორც მაჭავარიანმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა, "რეალურად ეს პრობლემა უნდა აღიარონ მთავრობის შიგნით და შეეცადონ საგარეო პოლიტიკის ცვლილება, ადაპტაცია, გადახედვა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შერთებულ შტატებთან მაქსიმალური დაახლოების პოლიტიკის განახლება". მისი შეფასებით, "ჩვენ ვხედავთ საფრთხეს, რომ რეალურად არ ველაპარაკებით აშშ-ს იმ თემებზე, რომლითაც აშშ-ის დაინტერესებას წლები დასჭირდა". 

პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ იტყვის, რომ შეეშალა, მაგრამ საგარეო პოლიტიკაში მიღებული პრინციპია პოლიტიკის ცვლილება.

"თუ შენი დეკლარირებული მიზნები ან პოლიტიკა არ მუშაობს იმის გამო, რომ კონტექსტი, ზოგადად სისტემა ან კონკრეტული პროცესის მონაწილეები არ იღებს ამ პოლიტიკას ან შეიცვალა, როგორც მოხდა რუსეთთან მიმართებით, შენ, რა თქმა უნდა, ამის ადაპტაციას აკეთებ, ცვლილებას აკეთებ, სხვა ფორმით, სხვა შინაარსით, მაგრამ მიზანს, რასაც ჰქვია ქვეყნის ეროვნული ინტერესები - ემსახურები. ამას აკეთებს ყველა, აშშ-დან დაწყებული მალდივის კუნძულებით დამთავრებული", - თქვა მაჭავარიანმა და აღნიშნა, რომ ამის ინტელექტუალური და პოლიტიკური პოტენციალი უნდა არსებობდეს ნებისმიერ მთავრობაში.

"ამას სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამას სჭირდება პოლიტიკოსები. სამწუხაროდ, მთავრობისთვის მთელი ექვსი თვე ის თეზა, რომელიც გულისხმობდა, რომ 2014 წლის ომი უკრაინაში არის გაგრძელება 2008 წელს საქართველოში წამოწყებული ომის, მიუღებელი და ქილიკის საგანი იყო. თუმცა, იმის გამო, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ეს თეზა აიტაცა, მათ მოუწიათ საერთაშორისო არენაზე ამაზე საუბარი. ამის რესურსი თუ არის ამ მთავრობაში, არ ვიცი, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ ერთი წარუმატებელი საგარეო საქმეთა მინისტრი ჩაანაცვლა ქალბატონმა ბერუჩაშვილმა, რომელიც ყოველთვის იყო ტექნოკრატი და არაფერი განსაკუთრებული საგარეო-პოლიტიკური ხედვით არ გამოირჩეოდა. ის არის ჩვეულებრივი შემსრულებელი. მას ამის სურვილიც რომ ჰქონდეს, რეალურად ამ სურვილს მოუსპობენ. ის, რომ რუსეთთან მიმართებით პოლიტიკა არ მუშაობს, ამასაც მიზეზი აქვს, არ შეიძლება მთელი შენი დიალოგი დაიყვანო ჩიხში შესულ ჟენევის მოლაპარაკებებზე და კარასინსა და აბაშიძეს შორის პერიოდულ კონსულტაციებზე", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა თეორემაში.

კომენტარები