რაფაელ გლუქსმანი

გლუქსმანი ქართულ მედიას დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

ტაბულა

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი რაფაელ გლუქსმანი ქართულ მედიას დეზინფორმაციაში ადანაშაულებს. Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ მისი სახელით ყალბი ინტერვიუ გავრცელდა, რომელიც მას არ მიუცია.

"როგორც ჩანს, ზოგიერთი ქართული მედიასაშუალება (ტელეკომპანია იმედის და სხვა პროსამთავრობო წყაროების ჩათვლით) ციტირებს ინტერვიუს, რომელიც მე, თითქოს, ფინურ გაზეთს მივეცი.

ამ ინტერვიუში მე თითქოს ვამბობ, რომ ქართველები არასერიოზულები და აშკარად არაევროპელები არიან. და ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ დავრჩი ასე დიდხანს თბილისში, ისაა, რომ მსურდა მენახა, შეიძლებოდა თუ არა ასე არასერიოზული და არაევროპელი ხალხის ცივილიზებულ ევროპელებად გადაქცევა და მივედი დასკვნამდე, რომ ეს შეუძლებელია, რადგან მათ ჩვენი რეფორმები უარყვეს.  

აშკარაა, რომ ეს აბსოლუტური სიყალბეა და ტრადიციულ საბჭოთა ან პუტინისტური დეზინფორმაციის კამპანიას ჰგავს.

1. მე არასდროს მიმიცია ინტერვიუ რომელიმე ფინური მედიისთვის და არასოდეს არაფერი გამიგია ამ გაზეთის შესახებ.

2. ჩემი შეხედულებები ამ სიცრუეს სრულად ეწინააღმდეგება: მიმაჩნია, რომ ქართველები ღრმად, ფუნდამენტურად ევროპელები არიან. და მე ჩემი 6 წელი დავხარჯე  იმაში, რომ სხვა ევროპელები ამაში დამერწმუნებინა. და მე ამას გავაგრძელებ იმის მიუხედავად, რას ვფიქრობ მოქმედ მთავრობაზე და მის კრიმინალურ ქმედებებზე. მე საქართველოზე შეყვარებული ვარ, რადგან შეყვარებული ვარ ქართველ ხალხზე.

3. ერთადერთი რამ, რაც საქართველოში არაევროპული და არასერიოზული დავინახე, ეს მთავრობის ქმედებებია, მისი ზემდგომი ოლიგარქის განცხადებები და ზოგიერთი მათი მორჩილი მედიასაშუალების პრაქტიკაა, რომლებმაც ეს სიცრუე გაიმეორეს ისე, რომ ჩემთვის არაფერი უკითხავთ. არავის არც იმედიდან და არც სხვა მედიიდან, რომლებიც ჩემს სიტყვებს „ციტირებდნენ“, თავი არ შეუწუხებიათ იმაზე, რომ დამკავშირებოდნენ.     

4. მე ძალიან კარგად მესმის, რა არის ამ ტყუილის მიზანი. მათ სურთ ჩემი მეშვეობით ზიანი მიაყენონ ჩემს მეგობრებს ოპოზიციაში - აჩვენონ, ყველანი როგორი ქედმაღლები ვართ, პატივს არ ვცემთ ქართულ ტრადიციებს და ქართველი ხალხს აგდებულად ვუყურებთ.

5. უმორჩილესად ვთხოვ დაინტერესებულ ქართულ მედიას, ჩემი ზემოხსენებული მკვეთრი უარყოფის პოზიცია დაფიქსიროს...

დასკვნა: ღრმად მწამს რა, რომ ქართველები ევროპელები არიან და იმსახურებენ შეუერთდნენ ევროპულ ოჯახს, ევროკავშირსა და NATO-ს, მე გავაგრძელებ საქართველოში იმ ძალების დახმარებას, ვინც ამჟამად იბრძვის საკუთარ ქვეყანაში ევროპული დემოკრატიის დამკვიდრებისთვის.

სანამ ჩემი მეგობრები არ გამოვლენ ციხიდან, საქართველოში დემოკრატია დაცული არ იქნება და რუსული ოკუპაცია არ დასრულდება.

ამას რაღაც დრო დასჭირდება, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ამ დღეს მოვესწრებით. დარწმუნებული ვარ, საქართველო ოლიგარქიული მთავრობის მმართველობის ქვეშ აღარ იქნება", - წერს გლუქსმანი.

კომენტარები