საგარეო ვაჭრობა

მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი $113 მილიონით შემცირდა

autobazroba.com

საქსტატის მონაცემებით მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით $113 მილიონით შემცირდა. ამასთან ერთად, გასული სამი თვის განმავლობაში ექსპორტში შემცირება იგრძნობა.

მსუბუქი ავტომობილების ექსპორტს საქართველოს მთლიან ექსპორტში 18%-ით პირველი ადგილი უჭირავს. აზერბაიჯანში ევრო 4-ის სტანდარტის დანერგვის შემდეგ, ამ ქვეყანაში ავტომობილების ექსპორტი წინა წელთან შედარებით $99 მილიონით შემცირდა. 2013 წლის ანალოგიური მონაცემებით, საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტზე $330 მილიონის ღირებულების ავტომობილები გავიდა, ხოლო 2014 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანში ექსპორტზე $231 მილიონის ღირებულების ავტომობილებია გასული. 

აღნიშნულ სტატისტიკაში კლება არის, როგორც ექსპორტის ასევე რეექსპორტის მიმართულებებითაც, რადგანაც რეექსპორტი ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში შემოსული ტვირთი სპეციალური რეექსპორტის წესების მიხედვით ტოვებს ქვეყანას და მისი ადგილობრივ ბაზარზე რეალიზება არ ხდება. ასევე შემცირებულია ექსპორტიც, როდესაც ქვეყანაში შემოსული ავტომობილი ჩვეულებრივად გადის ყველა სტანდარტულ პროცედურას და ისე ტოვებს საქართველოს ტერიტორიას.

აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ექსპორტირებულ საქონელზე ახალი რეგულაციების დაწესება საქართველოს მთლიან ექსპორტზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

მსუბუქი ავტომობილები ქართული ექსპორტ-იმპორტის ერთ-ერთი წამყვანი ნაწილია. კერძოდ, 2013 წლის მონაცემებით, მან მთლიანი ექსპორტის 24.2% ($703 მილიონი), ხოლო იმპორტის 9% ($708.7 მილიონი) შეადგინა. 2014 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით კი - მთლიანი ექსპორტის 18% ($455 მილიონი) და მთლიანი იმპორტის 8,6% ($602 მილიონი). 

სხვა ძირითად საექსპორტო საქონლის ჯგუფებში მატება შეიმჩნევა. ყველაზე დიდი, $99-მილიონიანი ზრდა სპილენძის მადნისა და კონცენტრატების ჯგუფის ექსპორტზე მოდის, მას მთლიანი ექსპორტის 9% უჭირავს.

ექსპორტის ზრდა შეიმჩნევა ფეროშენადნობების ჯგუფში, სადაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის $58-მილიონიანი ზრდაა.

ყურძნისა და ღვინის ექსპორტი $58 მილიონით არის გაზრდილი, რასაც მთლიანი ექსპორტის 6,2% უჭირავს.

თხილისა და კაკლის ექსპორტი $20 მილიონით არის გაზრდილი. ამ ჯგუფში ექსპორტმა წელს $137 მილიონი შეადგინა, რაც მთლიანად ექსპორტის 5,7% შეადგენს.

საქსტატის მონაცემებით, დღეისთვის საქართველოდან ექსპორტზე გასულია $2425 მილიონის ღირებულების საქონელი. ხოლო მის საპირისპიროდ ქვეყანაში შემოსულია $7 მილიარდის ღირებულების იმპორტული საქონელი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს იმპორტ-ექსპორტის ბალანსი მინუს $4580 მილიონს წარმოადგენს. საქართველოში იმპორტული საქონლის ღირებულების დასაფარად ექსპორტიდან შემოსული უცხოური ვალუტა საკმარისი არ არის, რის გამოც საჭიროა ამ ვალუტის სხვა წყაროებიდან მოძიება: ქვეყანაში შემოსული უცხოური ვალუტის წყაროები არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI), საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტები და საერთაშორისო ფულადი გზავნილების მეშვეობით შემოსული სახსრები, თუკი ყოველივე აღნიშნული იმპორტის და საგარეო ვალის დასაფარად საკმარისი არ არის, მაშინ ეროვნულ ვალუტას გარკვეული პრობლემები ექმნება. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით ბოლო კვირებში ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ექსპორტის კლებას უკავშირდება.

კომენტარები