აფხაზეთის ანექსია

პუტინმა და ხაჯიმბამ ე.წ. ხელშეკრულებას ხელი სოჭში მოაწერეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ინტეგრაციის და მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულებას სოჭში ხელი მოაწერეს. პუტინმა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების გაზრდაზე ისაუბრა.

"რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. ჩვენ შევქმენით წარმატებული ნორმატიულ-საკანონმდებლო ბაზა. ამასთან, აუცილებელია დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ეკონომიკური განვითარებისთვის უკეთესი პირობები შეიქმნას, ასევე იმისთვის, რომ გარანტირებული იყოს აფხაზეთის უსაფრთხოება და, რაც მთავარია - გადავჭრათ უმთავრესი საკითხი, გავაუმჯობესოთ ადამიანთა ცხოვრება", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

"დღეს ჩვენ ახალ ფაზაში შევდივართ. შეთანხმებაზე ხელის მოწერით, ჩვენ გავზრდით იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ეხება როგორც უსაფრთხოებას, ასევე აფხაზეთის სოციო-ეკონომიკური განვითარების საკითხებს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენთვის შემოთავაზებული დახმარება ჩვენი სახელმწიფოსთვის რეალურად სასარგებლო იქნება", - თქვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ.

ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთის მხრიდან გაიზრდება აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარება, შეიქმნება საერთო შეიარაღებული ძალები, ასევე ერთი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს საინჟინრო-ტექნიკური სამუშაოები საუკუპაციო ხაზზე, რაც მის ენგურამდე გადმოწევას გულისხმობს. საოკუპაციო ხაზს თანაბრად გააკონტროლებს როგორც აფხაზური, ასევე რუსული მხარე. ევრაზიული კავშირის კანონმდებლობის შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საბაჟოც. რუსეთი, თავის მხრივ, აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივების ვალდებულებას იღებს. დოკუმენტი 10 წლის ვადით იდება, თუმცა 5-წლიანი პერიოდებით გახანგრძლივების საშუალებას იძლევა.

სოხუმში დღეს აქციებს როგორც ხელშეკრულების ხელმოწერის მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები მართავდნენ.  რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ ორგანიზაცია ამცახარა გამოდის, რომელიც აცხადებს, რომ ხელშეკრულების ხელმოწერას აფხაზური საზოგადოება მხარს არ უჭერს.

კიდევ ერთი აქცია ფსოუს გამშვებ პუნქტთან აფხაზებმა გამართეს. აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ 1992-93 წლების ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმება აფხაზეთის დამოუკიდებლობის დასასრული იქნება.

კომენტარები