აფხაზეთის ანექსია

ნაციონალური მოძრაობა ბიუროს სხდომაზე რეზოლუციის პროექტს წარადგენს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით შემუშავებული საგანგებო რეზოლუციის პროექტის მიღების საკითხს ბიუროს სხდომაზე დააყენებს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თბილისის შენობაში საპარლამენტო უმცირესობის წევრები გიგი წერეთელი და ტარიელ ლონდარიძე მივიდნენ.

"გვინდა, ეს საკითხი იყოს დღის წესრიგში, იმიტომ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა - ანექსიის თემა. დღეს ხელი ეწერება ხელშეკრულებას აფხაზეთსა და რუსეთს შორის, ამიტომ, მიგვაჩნია, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ეს მომავალ კვირას აუცილებლად უნდა მოხდეს. ეს არის ჩვენი მიზანი," - განაცხადა გიგი წერეთელმა. 

ტარიელ ლონდარიძის თქმით კი, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების თბილისის პარლამენტში მისვლა იმას ნიშნავს, რომ მათ ყველა პოლიტიკური საკითხი გვერდზე გადადეს.

"ქვეყანა მთლიანი ანექსიის საფრთხის წინაშეა. ამ ანექსიას სჭირდება პოლიტიკური ერთიანობა. ჩვენ წინა კვირაში ეს საკითხი დაყენებული გვქონდა და გარკვეული პროცედურების გამო დღის წესრიგში არ დადგა. მოვედით იმისთვის, რომ ბიუროზე დავაყენოთ ეს საკითხი და ამ სასესიო კვირაში რეზოლუცია იყოს განხილული", - აღნიშნა ლონდარიძემ.

კომენტარები