აფხაზეთის ანექსია

ენმ: გადავდოთ განსხვავებები და დავიცვათ ქვეყანა სამართლებრივი ანექსიისგან

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, საგანგებო რეზოლუცია შეიმუშავა. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ უახლოეს დღეებში უნდა გადადგას სამი მთავარი ნაბიჯი - შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, მოიწვიოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა და გააუქმოს აბაშიძე-კარასინის ფორმატი. ამასთან, ბაქრაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, "გვერდზე გადავდოთ განხვავებები და უთანხმოებები, დავსხდეთ ერთად და შევიმუშაოთ ის პოლიტიკა, სტრატეგია და ნაბიჯები, რომელიც დაგვეხმარება, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა რუსეთის სამართლებრივი ანექსიისგან".

"ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო აფხაზეთის და სამაჩაბლოსთვის ავტონომიიის მინიჭებით. შემდეგ იყო 90-იანი წლები - კონფლიქტის პროვოცირება და ეთნიკური წმენდა. ამას მოჰყვა 2008 წლის სამხედრო ოკუპაცია და დღეს უკვე რუსეთი ცდილობს, სამართლებრივი ანექსიის გზით საბოლოოდ გაიფორმოს საქართველოს ძირძველი ნაწილები. დღეს ხელმოწერილ დოკუმენტს არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი და იურიდიული ძალა, მაგრამ ამის მიუხედავად, საქართველოს მხრიდან აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯები, რომლითაც დავუპირისპირდებით მიმდინარე ანექსიის პროცესს.

სამწუხაროდ, მიუხედავად ნათელი და მკაფიო საფრთხისა, ბოლო თვეებში საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა და მოუმზადებელი შეხვდა დღევანდელ დღეს. აუცილებლად მიგვაჩნია, უახლოეს დღეებში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომლითაც დავუპირისპირდებით რუსეთის ანექსიას. ამ ნაბიჯებს შორის გახლავთ ჩვენს მიერ პარლამენტში ინიცირებული რეზოლუციის პროექტი, რომელშიც გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები და პოლიტიკა ანექსიის საწინააღმდეგოდ. 

1. დაუყოვნებლივ მიუერთდეს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს და იმუშაოს იმაზე, რომ ამ სანქციების მიზეზებს შორის მოხვდეს საქართველოს ანექსია. ვინაიდან, დღეს არაბუნებივია, რომ ჩვენ დასავლეთს მოვთხოვოთ მხარდაჭერა, მაშინ როცა ჩვენ თვითონ არ ვუჭერთ დასავლეთის სანქციებს მხარს რუსეთის წინააღმდეგ.

2. მოვითხოვოთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა, სადაც განხილული იქნება ანექსიის საკითხი. ასევე ავამოქმედოთ ბერკეტები ყველა სხვა საერთაშორისო ოროგანიზაციაში, მომზადდეს სარჩელები საერთაშორისო სასამართლოებში.

3. გაუქმდეს ან გაიყინოს დროში განუსაზღვრელი ვადით ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ვინიდან დღეს რუსეთთან ჩვეულებრივ რეჟიმში ურთიერთობის გაგრძელება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თვითონ ვეგუებით და არაფრად ვაგდებთ აფხაზეთის ანექსიას.

ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს დღეებში. დოკუმენტში გაწერილია სხვა კონკრეტული დეტალებიც. მოვითხოვთ და ველით პარლამენტისგან, რომ მიმდინარე კვირაში მიღებული იქნება აღნიშნული რეზოლუცია. გარდა ამისა, მოვუწოდებთ სახელისუფლო პარტიას და ყველა სხვა პარტიას, ვისაც აღელვებს ანექსია, გვერდზე გადავდოთ განხვავებები და უთანხმოებები, დავსხდეთ ერთად და შევიმუშაოთ ის პოლიტიკა, სტრატეგია და ნაბიჯები, რომელიც დაგვეხმარება, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა რუსეთის სამართლებრივი ანექსიისგან. იმედი მაქვს, ხელისუფლებას ექნება პოლიტიკური გონიერება, ამ კრიტიკულ დროს მაინც გამოიჩინოს პატრიოტიზმი, სხვა დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის სუერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები