ჩაჩუას საქმე

ლევან ჩაჩუას პროცესი 28 ნოემბერს, ბრალდების მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება

სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას პროცესი 28 ნოემბერს, ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. დღეს სასამართლოზე მოწმედ მოყვანილი იყო ჰაბიტოსკოპიური ექსპერტი, ლაშა ამბროლაძე. მან იმ ვიდეოს ექსპერტიზა ჩაატარა, რომელიც საქმეს მთავარ მტკიცებულებად დაერთვება. პროცესს ესწრებოდა თავად ლევან ჩაჩუაც.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ ექსპერტს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა 18 ნოემბერს, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოსამართლემ ის დარბაზიდან გაათავისუფლა. 

ექსპერტი ლევან ჩაჩუა მიმდინარე წლის 20 მარტს სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. 

კომენტარები