უსუფაშვილის ვიზიტი ნიდერლანდებში

უსუფაშვილი უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

parliament.ge

ნიდერლანდების სამეფოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, ასტრიდ თორსს შეხვდა.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარემ უმაღლეს კომისარს გააცნო ბოლო პერიოდში საქართველოში უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები.

"მოგეხსენებათ, ეუთო-ს უმაღლესი კომისარი უმცირესობების საკითხებში არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა. იმ პირობებში, როდესაც ეუთო-ს მისია საქართველოში დახურულია რუსეთის პოზიციის გამო, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული კონტაქტები ყველა იმ დაწესებულებასთან, რომელიც ეუთო-ს ეგიდით მოქმედებს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ მიმოვიხილეთ საქართველოს პროგრესი უმცირესობების უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომელიც ძალიან ბევრ საკანონმდებლო აქტში და ბევრ მოქმედებაში გამოიხატა, მაგრამ ვიცით, რომ გასაკეთებელი ძალიან ბევრი გვაქვს ჯერ კიდევ იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ერთნაირად იგრძნოს თავისი თავი საქართველოს პატრონად, საქართველოს პატრიოტად და საქართველოს მფარველობაში მყოფ ინდივიდად. ამაში უმაღლესი კომისრის ოფისი ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ საკითხებზე”, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

"ვაფასებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამონახა დრო შეხვედრისთვის, რადგან საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მრავალი წელია ვთანამშრომლობთ მასთან. ვმუშაობთ იმაზე თუ უმცირესობათა ჩართულობის რა შესაძლებლობებს განიხილავენ პოლიტიკური პარტიები. ასევე ვისაუბრეთ კანონპროექტზე სახელმწიფო ენის შესახებ. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ასევე იმ პოლიტიკურ საკითხებზე, რომელიც დღეს საქართველოში აქტუალურია", - განაცხადა უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესმა კომისარმა, ასტრიდ თორსმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ნიდერლანდების სამეფოში ოფიციალური ვიზიტი დღეს დასრულდა. იგი საქართველოში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად 19 ნოემბერს დაბრუნდება.

კომენტარები