ევროკავშირის გრანტი

ევროკავშირი საქართველოს 30 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს

facebook.com/GaribashviliOfficial

ევროკავშირი საქართველოს 30 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს - ფინანსურ შეთანხმებას ბრიუსელში დღეს ხელი საქართველოს პრემიერმინისტრმა და ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა მოაწერეს.

გრანტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის ხელშეწყობას და რეგიონებში ეკონომიკური და სოციალური მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას.

"ფინანსური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად 30 მილიონი ევრო გამოიყოფა, ევროკავშირის მიერ საქართველოს ევროინტეგრაციაში შეტანილი წვლილის კიდევ ერთი გამოხატულებაა. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირთან თანამშრომლობა ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, განათლება და სხვა" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ევროკომისარს ევროპული და ევროატლანტიკური კურსისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ დაუდასტურა და იოჰანეს ჰანი საქართველოში მიიწვია.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს ასოცირების საბჭოს პირველი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და იმსჯელეს რეფორმებზე, რომლებსაც საქართველო დემოკრატიის კონსოლიდაციისა და გაძლიერების მიზნით ახორციელებს.

კომენტარები