ევროპარლამენტის რეზოლუცია

რეზოლუცია: შემაშფოთებელია პოლიტიკური ოპონენტების სისხლისსამართლებრივი დევნა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავენ. დეპუტატები საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ რეზოლუციას მომხსენებელ ანდრეი მამიკინსის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის თავდაპირველ ტექსტში ინტერფრაქციული კომპრომისის შედეგად, ცვლილებები შევიდა. აღნიშნული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ტაბულამ წყაროების მეშვეობით მიიღო.

რეზოლუციის ტექსტს აღნიშნული ცვლილებებით კომიტეტზე კენჭს უყრიან.

ცვლილებების მიხედვით, ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს წინა ხელისუფლებისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებებისა და ოპონენტებთან საბრძოლველად მართლმსაჯულების სისტემის გამოყენების გამო.

"ევროპარლამენტი ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეროვნული შერიგებისთვის ქმედებების საჭიროებას;

შეშფოთებას გამოთქვამს, რომ წინა ხელისუფლების მრავალი მაღალჩინოსანი და ამჟამინდელი ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი, რომელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებაა დაწყებული, დაპატიმრებულია ან წინასწარ პატიმრობაშია;

შეშფოთებულია ოპონენტებთან საბრძოლველად მართლმსაჯულების სისტემის პოტენციური გამოყენების გამო, რაც ძირგამომთხრელია ხელისუფლების ძალისხმევისთვის, დემოკრატიული რეფორმების ჭრილში;

ახსენებს, რომ ძლიერი ოპოზიციის არსებობა გადამწყვეტია დაბალანსებული და გონივრული პოლიტიკური სისტემის შესაქმნელად, რისკენაც საქართველი ისწრაფვის;

აღნიშნავს, რომ ბრალდებებს შერჩევითი სამართლის შესახებ აქვს უარყოფითი გავლენა; 

მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აიცილოს თავიდან მართლმსაჯულების სისტემის ინსტრუმენტალიზაცია, ანუ მისი გამოყენება პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად;

ხაზს უსვამს, რომ ყველა გამოძიება უნდა იყოს გამჭვირვალე, პროპორციული და თავისუფალი პოლიტიკური მოტივისგან და მკაცრად უნდა იყოს დაცული საგამოძიებო პროცედურები;

საგამოძიებო პროცესი უნდა ჩატარდეს სამართლიანი სასამართლოს პრინციპების პატივისცემით, როგორც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში;

კვლავინდებურად შეშფოთებულია პროკურატურის ანგარიშვალდებულების ნაკლებობისა და იმ ბუნდოვანი კრიტერიუმების გამო, რომლითაც პროკურორები და გამომძიებლები ინიშნებიან; ხაზს უსვამს, რომ პროფესიონალიზმი და პატიოსნება უნდა იყოს ძირითადი კრიტერიუმები მათ თანამდებობებზე დანიშვნისას",- წერია რეზოლუციის ტექსტში შესატან ცვლილებებში.

კომენტარები