დღეს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება. საქართველოს დელეგაცია მას ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ესწრება. სხდომას საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი უხელმძღვანელებს. მასზე ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების ეფექტური განხორციელების მექანიზმებზე იმსჯელებენ. სხდომის დასრულების შემდეგ ღარიბაშვილისა და მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
საქართველოს პრემიერმინისტრი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, მარტინ შულცს შეხვდება. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ისინი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. შეხვედრების მთავარი თემა ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესრულება, ვიზალიბერალიზაცია და რიგის სამიტი იქნება.
ასოცირების საბჭოს პირველ სხდომას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძეც დაესწრება.





