აუდიტის სამსახური

თორდია: თავდაცვის სამინისტროს გარდა, სხვა უწყებებშიც ვმუშაობთ

გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს გარდა სხვა უწყებებშიც მუშაობს. 
როგორც თორდია  გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში აცხადებს, მეტი პრობლემაა იმ სამინისტროებში, სადაც საბიუჯეტო სახსრები დიდია.

"უფრო მეტი პრობლემები იკვეთება იმ სამინისტროებში, სადაც საბიუჯეტო სახსრები დიდია. ეს არის ჯანდაცვის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და შს სამინისტრო. ზოგადად, ამ უწყებებში შემოწმების მასშტაბიც ძალიან დიდია, ვინაიდან მეტია შესყიდვები და ფინანსური ტრანზაქციები. ეს უწყებები ბუნებრივად მაღალი რისკის მატარებლები არიან და ცხადია, ჩვენთვისაც პრიორიტეტს წარმოადგენენ", - აცხადებს ლაშა თორდია და აღნიშნავს, რომ დარღვევები ფიქსირდება სხვა, შედარებით ნაკლებბიუჯეტიან უწყებებშიც.

"მაგალითად, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ჩვენ მიერ გამოვლენილ ფაქტებში იკვეთება სამართალდარღვევის ნიშნები. საუბარია სპორტული მოედნების მოწყობაზე, სოციალურად დაუცველთა ბაზაში ფიქსირდება უზუსტობები (როგორც ძველი, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში), რაზეც ალბათ პროკურატურას შესაბამისი რეაგირება ექნება. ამ საქმის შესწავლა მიმდინარეობს და გვექნება კონკრეტულ თანხებზე ინფორმაცია. დარღვევები ჩანს განათლების სამინისტროშიც, მაგალითად, მერხების შესყიდვისას (შაშკინის მინისტრობის პერიოდი), პროკურატურაში გადავგზავნეთ რამდენიმე თვითმმართველობის მიერ სავარაუდო კანონდარღვევის შემცველი მასალებიც", - განმარტავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი კვირის პალიტრასთან საუბარში.

კომენტარები