ბოკერია: ხელის შეშლის მიზნით კომუნისტური ტრადიციის შაბათობები გამოაცხადეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ, ვარდების მოედანზე სადაც 16:00-ზე ანექსიის წინააღმდეგ აქცია უნდა დაიწყოს, განაცხადა, რომ ხელისუფლება კომუნისტურ ტრადიციებს მიმართავს, იმისთვის რომ ხელი შეუშალოს ადამიანების აქციაზე მისვლას. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა მოქალაქეების დაშინების უხეშ ფორმებსაც.

"ხელის შეშლის შესახებ ყველამ იცის. აბსოლუტურად სამარცხვინო, კომუნისტური ტრადიციის შაბათობები გამოაცხადეს და ეს კიდევ რბილი ფორმა იყო, უფრო უხეშ ფორმასაც ჰქონდა ადგილი, პირდაპირ მუქარას ადამიანების მიმართ. რა თქმა უნდა ეს ვერ შეძლებს იმ მოქალაქეების დიდი ნაწილის შეჩერებას, რომელთაც სურთ თავისუფალი ნება გამოხატონ, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ პრობლემას, რომლის წინაშეც საქართველო დგას. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც არ აქვს ფუნდამენტური წარმოდგენა იმაზე, რას ნიშნავს თავისუფლება და წარსულში არის თვითონ ჩაფლული ბოლომდე და არ ფიქრობს საქართველოს მომავალზე" - განაცხადა ბოკერიამ.

ენმ-ს საგარეო ურთიერთობათა მდივნის განცხადებით, აქციის მონაწილეებს გზავნილი აქვს ყველასთვის, რომ ის არ შეეგუება სუვერენიტეტის შელახვას.

"ამ აქციის მთავარი გზავნილი, ეს არის, რომ ქართული საზოგადოება არასდროს შეეგუება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვას, ჩვენი ევროპული არჩევანის შელახვას და მეორე მხრივ, ეს არის გზავნილი ივანიშვილის ხელისუფლებას, ეს არის მისი ორწლიანი მმართველობის განაჩენი. და განაჩენი არის ის, რომ ქართულ საზოგადოებას არ სჭირდება მთავრობა, რომელსაც არ აქვს უნარი და ხედვა დაიცვას საქართველოს ინტერესები, მისი უსაფრთხოება. ეს განაჩენი დემოკრატიული გზით იქნება სისრულეში მოყვანილი თუ ეს ხელისუფლება ამ გზას გააგრძელებს" - განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები