ჯაჭვლიანი: აქციაზე ნაციონალური მოძრაობა ბალ-მასკარადის მოწყობას აპირებს

სოსო ჯაჭვლიანი
timer.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოსო ჯაჭვლიანის აზრით, ნაციონალური მოძრაობა 15 ნოემბერს, ანექსიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე ბალ-მასკარადის მოწყობას აპირებს.

“რომ ოკუპირებული არის საქართველოს ტერიტორიები ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ვინ ლაპარაკობს ამაზე, აი აქაა კითხვა დასასმელი. მე აბსოლუტურად არაფერს არ მოველი დღევანდელი დღიდან. ყველას ჰყავს თავისი მხარდამჭერი, და ვნახოთ… ესენი არ არიან ის ადამიანები, ვინც მოაწყო 7 ნოემბერი, 26 მაისი, ვინც ქუჩაში დახვრიტა ასეულობით ახალგაზრდა?! მე მგონია, რომ 4 საათზე იმ ბალ-მასკარადის გამეორება უნდათ, რაც მოაწყვეს 2008 წელს,” - თქვა ჯაჭვლიანმა.

ჯაჭვლიანი არ გამორიცხავს, რომ აქციაზე პროვოკაციები მოხდეს, რადგან ნაციონალური მოძრაობა  ძველი რეტორიკით საუბარს აგრძელებს.

“ამ ორი წლის განმავლობაში რაც ჩვენ პარლამენტში ვართ გრძელდება იგივე იმ რეტორიკით ლაპარაკი, როგორც ლაპარაკობდნენ მაშინ, როგორც იქცეოდნენ, და აი აქედან გამომდინარე, არ გათეთრდების ყორანი რაც უნდა ხეხო ქვიშითა. ამიტომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველაფერი ხომ არ შეიძლება ადამიანმა იკადრო. ამიტომ მე სავსებით დასაშვებია რომ იყოს პროვოკაციები. მე მაინც მგონია, რომ ნაციონალებს აქვთ ძალიან დიდი იუმორის გრძნობა რომ თვითონ დღეს აწყობენ აი ა აქციას,” - აღნიშნა ჯაჭვლიანმა.

კომენტარები