გაბაშვილი: არანაირ არეულობას არ ვგეგმავთ, ჩვენი გზა არის კონსტიტუციური

geonews.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის შეფასებით, 15 ნოემბრის აქციის დრო ვლადიმირ პუტინმა შეარჩია. ამის შესახებ გაბაშვილმა ტაბულას ეთერში განაცხადა. მან გადაცემა თეორემას წამყვანის შეკითხვას უპასუხა, პოლიტიკური ნიჰილიზმისა და ინდეფერენტულობის ფონზე, რასაც კვლევები აჩვენებს, არასწორად ხომ არ შეარჩიეს აქციის დრო.

"აქციის დრო შეარჩია ვლადიმირ პუტინმა, როცა განიზრახა ამ ხელშეკრულებების გაფორმება ახლა და ახლა უნდა იყოს საქართველოში სწორედ ეს ვითარება, ახლა უნდა თქვას საქართველომ პრინციპულად თავისი სიტყვა და ახლა უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ, რომელიც არის აბსოლუტურად უმოქმედო, რომელიც თავისი უმოქმედობით, თავისი სიჩუმით, ფაქტობრივად აგუებს საზოგადოებას, რომ ეს სიჩუმეში მოხდება და საქართველო არაფერს არ იტყვის. ჯერ ერთი, არჩევანი არ გვაქვს, მეორეც, არ  ვფიქრობთ, რომ ეს ის საკითხია, რომელზეც საზოგადოება პასიური იქნება. პირიქით, რაც უფრო ხშირად დავუბრუნდებით ამ საკითხს, რაც უფრო მკვეთრ აქციებს ჩავატარებთ, ვიაქტიურებთ, ჩვენც და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფებიც, მით უფრო მეტად გამოფიხზილდება საზოგადოება. საერთოდ, საზოგადოების კონსოლიდაციას, ერთად დადგომას და რაღაცის თქმას ყოველთვის სჭირდება სტარტი, დასაწყისი, სტიმულაცია და ჩვენ, როგორც ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პროდასავლურმა და პატრიოტულმა გაერთიანებამ, ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ ეს ფუნქცია, თორემ ჩვენ არ ვთვლით, რომ ამ საკითხის მონოპოლისტები ვიქნებით. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სხვებიც გააქტიურდებიან, სხვებიც ჩაატარებენ აქციებს, საზოგადოება აიძულებს ხელისუფლებას, შეცვალოს კაპიტულანტური პოლიტიკა, თუ არადა, ეს ხელისუფლება წავა ძალიან სამარცხვინოდ, როგორც მთავრობა, რომელმაც ფიასკო განიცადა ამ ყველაზე მნიშვნელოვან ფრონტზე, რასაც ჰქვია საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირება" - განაცხადა გაბაშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, "როგორ წავა, არჩევნების გზით თუ განიხილება სხვა სცენარი? რადგან არსებობს შიში, რომ ენმ არეულობას გეგმავს", გაბაშვილი პასუხობს, რომ "ყველა, ვინც მეტნაკლებად სერიოზულად უყურებს ქართულ პოლიტიკას, ხვდება, რომ ეს სისულელეა. არანაირ არეულობას ჩვენ არ ვგეგმავთ". დეპუტატი აღნიშნავს, რომ ორი წლის განმავლობაში, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არც ერთი აგრესიული აქცია არ ჩაუტარებია.

"ჩვენ არ ვყოფილვართ არც ერთი დაპირისპირების ინციატორები, პირიქით კი ყოფილა. ივანიშვილის და ღარიბაშვილის ტიტუშკები ჩვენი ხშირი სტუმრები არიან, ხშირად მოდიან კვერცხებით და სხვადასხვა ნივთებით, ხშირად მიყავთ სიტუაცია დაპირისპირებამდე. ეს არ არის ჩვენი გზა, ჩვენი გზა არის კანონიერი, კონსტიტუციური გზა, რაშიც შედის ხალხმრავალი აქციებიც. ესეც კონსტიტუციური გზაა ბრძოლის და ჩვენ ამას ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ არჩევნებში გამარჯვებას 2016 წელს, მაგრამ ხელისუფლება ისე იქცევა, რომ თავად შეიძლება შეუქმნას საფრთხე თავის ხელისუფლებას 2016 წლამდე. არ შემიძლია არანაირი პროგნოზის გაკეთება,  მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლება, რომელიც ორი წლის განმავლობაში არაფრითაა დაკავებული გარდა პოლიტიკური ოპონენტების დევნისა, რომელიც ქვეყნის შიგნით მხოლოდ მტრობას, შურისძიებას და სადამსჯელო სტილს ირჩევს, ხოლო ქვეყნის გარეთ არის აბსოლუტურად შეგუებული, ოკუპანტთან აბსოლუტურად თავდახრილი და  არაადეკვატური პოზიცია უჭირავს, არ უჭირავს პოზიცია იმ ქვეყნის მთავრობისა, რა მდგომარეობაშიც საქართველო იმყოფება, ასეთი ხელისუფლება დიდხანს ვერ გასტანს, რა თქმა უნდა, სასურველი სცენარი იქნება არჩევნები და პროდასავლური ძალების გამარჯვება, მაგრამ არანაირი გარანტია, როგორ წაიყვანენ პროცესებს, არ არსებობს" - თქვა გაბაშვილმა.

კომენტარები