ელექტროშოკის გამოყენება

სასჯელაღსრულების სამინისტრო ელექტროშოკის გამოყენებაზე უარს ამბობს

სასჯელაღსრულების სამინისტრო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აღარ გაუკეთებს ინიცირებას საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვით პატიმრობის კოდექსში, სპეციალური საშუალებების ჩამონათვალში ელექტროშოკიც უნდა შესულიყო. ამის შესახებ დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ თეა პერტაიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისას, სამინისტრომ გაითვალისწინა არასამთავრობო სექტორის მოსაზრება, რომელიც სპეციალურ საშუალებების ჩამონათვალში ელექტროშოკის შესვლას არ იზიარებდა.

სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, ელექტროშოკის დაშვების შესაძლებლობის განხილვისას, სამინისტროს არგუმენტი იყო ის, რომ კრიტიკულ სიტუაციებში განსაკუთრებული რისკის მსჯავრდებულთან უშუალო კონტაქტი თანამშრომლისთვის მაღალი საფრთხის შემცველია, ასეთ შემთხვევაში კი, ელექტროშოკის გამოყენება არის თავდაცვის და არა დასჯის საშუალება.

"ელექტროშოკი გამოიყენება აშშ-ის 45 შტატში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, ფინეთსა და დიდ ბრიტანეთში. ამ მხრივ, დასავლური სტანდარტები არ გვზღუდავს, თუმცა მოცემული უწყების განვითარებისთვის ფასეულია ქვეყნის სამოქალაქო სექტორის მოსაზრებები. ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მთავრობას წარედგინოს კანონპროექტი, რომელშიც ელექტროშოკი გათვალისწინებული აღარ იქნება", - აღნიშნა თეა პერტაიამ.

პერტაიას თქმით, სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ფორმატის გაძლიერების მიზნით, იგეგმება საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელიც არასამთავრობო სექტორსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის არსებულ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

კომენტარები