დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი

დუმბაძე: ვაჭარაძემ "ჩიტის" სტატიის გაზიარებით ქრისტიანებისადმი ირონია გამოხატა

Irakli Vacharadze/Fb.com

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობას, მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის ინტერვიუსთან დაკავშირებით დაწერილ განცხადებაზე პასუხობს. ცნობისთვის, კვირის პალიტრაში იდენტობას ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის მიმართ გამოთქმული მუქარის გამო, ორგანიზაცია სანდრო ბრეგაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვდა. სახელმწიფო მინისტრის პასუხის თანახმად კი, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოყვანილი ციტატები კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და ინტერვიუს ძირითად არსს ამახინჯებს.

"სანდრო ბრეგაძის ინტერვიუში საუბარია იმაზე, რომ ბატონი ირაკლი ვაჭარაძე იყენებს რა დამაცირებელ და შეურაცხმყოფელ ფრაზეოლოგიას საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი მეთაურის მიმართ და უწოდებს რა მას საქართველოს მტერს, ამან შეიძლება გამოიწვიოს დიდი მღელვარება მორწმუნე ადამიანების მხრიდან და შესაძლებელია, ვინმე ფიზიკურადაც გაუსწორდეს მას. ამიტომ ჯობია მისი გამონათქვამების გამო მოხდეს კანონისმიერი რეაგირება, სანამ ხალხი თვითონ აღასრულებს სამართალს. ხოლო ამის შემდეგ ჟურნალისტის კითხვაზე, პირადად თვითონ რას იზამს მსგავს სიტუაციაში, პასუხს სცემს, რომ მან არ იცის, რას იზამს, თუმცა დასძენს, რომ მას აქვს თმენის ვალდებულება. ბოლო ფრაზა ნათლად ადასტურებს, რომ ბატონ ბრეგაძეს კარგად აქვს გათვიცნობიერებული ის ვალდებულებები, რაც მას, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს (და არა საჯარო მოხელეს, როგორც ეს თქვენს წერილშია) ეკისრება"- ნათქვამია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პასუხში და აღნიშნულია, რომ მისი მოადგილის ამგვარი შეფასებები ირაკლი ვაჭარაძის ერთი კონკრეტული ფრაზით არ იყო განპირობებული. მისი თქმით, "სამწუხაროდ, ირაკლი ვაჭარაძე გამოირჩევა მართლმადიდებლური აღმსარებლობის და ამ აღმსარებლობის მქონე საქართველოს მოქალაქეების მიმართ შეუწყნარებლობით". ამის ერთ-ერთ დასტურად კი, მინისტრი წერს, რომ ვაჭარაძემ სატირულ-იუმორისტული ვებგვერდის "chiti.ge"-ს მიერ გამოქვეყნებული მასალა Facebook-ში გაიზიარა. 

"პირად გვერდზე გაზიარებული აქვს სატირულ-იუმორისტული ვებგვერდის chiti.ge-ს მიერ მომზადებული სტატია, თითქოსდა ბერი გაბრიელის ქუჩის მირონის ამოხეთქვის შედეგად დატბორვის და სხვა სასწაულების აღსრულების შესახებ. შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც სამოციქულო ტრადიციის მქონე სხვა ეკლესიები (კათოლიკური, სომხური სამოციქულო და სხვა) გნსაკუთრებულ სიწმიდნედ მიიჩნევენ წმინდა მირონს და და ამდენად, მსგავსი სტატიების გაზიარება კარგად მიუთითებს ბატონი ვაჭარაძის ირონიულ დამოკიდებულებაზე ქრისტიანული დენომინაციების და მათი წარმომადგენლების რელიგიური გრძნობების მიმართ" - ნათქვამია წერილში და აღნიშნულია, რომ "სახელმწიფო მინისტრის მოადგილის მიერ გაკეთებული მოზომილი განცხადება იყო განპირობებული ბატონი ვაჭარაძის საქმიანობის საერთო შეფასების საფუძველზე და გამოთქმული იყო მხოლოდ ვარაუდი იმის, რომ თუკი არ მოხდება შესაბამისი რეაგირება, ამას შეიძლება მოჰყვეს უსიამოვნო გაგრძელება".

მინისტრის პასუხიდან ირკვევა, რომ სანდრო ბრეგაძე თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებს.

"მიმაჩნია, რომ გაუგებრობა, რაც დაკავშირებული იყო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ბატონ სანდრო ბრეგაძის ინტერვიუდან ცალკეული ფრაზების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით, ამოწურულია. ბ-ნი სანდრო გახლავთ პატრიოტი, პროფესიონალი და საქმისათვის თავდადებული ადამიანი და იგი თავისი ცოდნითა და გამოცდილებით გააგრძელებს იმ უფლებამოსილებათა შესრულებას, რაც მას ამჟამად ",- ნათქვამია წერილში, რომლის ასლიც დეიასპორის საკითხბში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო საგენტოს გადაუგზავნა.

ცნობისთვის, სანდრო (ალექსანდრე) ბრეგაძემ კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში, არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობას ხელმძღვანელს ირაკლი ვაჭარაძეს ილია მეორის კრიტიკის გამო ვიგინდარა, მანქურთი და არარაობა უწოდა.

კომენტარები