თავდაცვის სამინისტრო

პეტრიაშვილი: პარლამენტისგან საქმის მასალების მოთხოვნა პოლიტიკური დევნაა

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

თავისუფალი დემოკრატების წევრის ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან აუდიტის სამსახურისგან თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული შემოწმების შედეგად არსებული მასალების მოთხოვნა პოლიტიკური დევნის ნაწილია. ცნობისთვის, აუდიტის სამსახურს მასალების გადაგზავნა გუშინ უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ სთხოვა.

"ეს პირიდაპირ უკავშირდება ღარიბაშვილის გუნდის მხრიდან, ალასანიას პოლიტიკურ დევნას. სამწუხაროა, რომ ამ სქემაში უკვე ჩაერთო ღარიბაშვილის გუნდის  საკანონმდებლო ფრთაც. პარლამენტში ნაციონალური ოცნების წარმომადგენელმა და ლიდერმა მიიღო და დაიჭირა უკვე ის მხარე. საქმეები იმსხვრევა რეალურად და ახლა არის მცდელობა, რომ მოხდეს საქმების შეკერვა", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის თქმით კი, "მაშინ, როცა საუბარია, რომ პროკურატურა ცალმხრივად ან მიკერძოებულად იკვლევს თავდაცვის სამინისტროში არსებულ აფქტებს, ამ დროს საინტერესოა, ვნახოთ ის მონაცემები, ის მასალები, რაც გააჩნია კონტროლის პალატას". მისი განცხადებით, "აღმოჩნდა, რომ ის მასალები, რაც ნახეს, საკმაოდ რთულია, ბევრი კითხვები გაჩნდა და ამიტომ გადასცეს პროკურატურას". საგანელიძე აღნიშნავს, რომ მან მოითხოვა და "ამის უფლებაც აქვს პარლამენტს, რომ მოისმინოს ანგარიში ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად, ის თემები, რომელსაც გრიფი საიდუმლო ადევს, იყოს მოწოდებული ნდობის ჯგუფისთვის".

გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული შემოწმების მასალებს პარლამენტს რამდენიმე დღეში გადაუგზავნის.

"ის მასალები, რომლებიც ჩვენს მიერ უკვე არის გადაგზავნილი მთავარ პროკურატურაში და რომელიც, ჩვენი აზრით, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რა თქმა უნდა, პარლამენტის მოთხოვნის შესაბამისად გადაეგზავნება თავდაცვის და უშიშროების კომიტეტს, ასევე ნდობის ჯგუფს", - განაცხადა თორდიამ და განმარტა, რომ აუდიტის სამსახურის მასალები არ შეეხება ე.წ. კაბელებისა და სამხედროების კვებასთან დაკავშირებულ საქმეებს.

"ის მასალები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია, არ უკავშირდება სილქნეტთან დაკავშირებულ შესყიდვას და არც კვებასთან დაკავშირებულ საკითხს ანუ იმ თემებს, რომლებზეც საუბარი იყო მთავარი პროკურატურის მხრიდან. ჩვენ გვაქვს მასალები, რომლებიც უკავშირდება სხვა ტიპის შესყიდვებს, რაზეც ინფორმაციას მივაწვდით ნდობის ჯგუფს", - აღნიშნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა და აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში 2013 წლის ზაფხულიდან მუშაობს. ის უწყების მიერ 2011, 2012 და 2013 წლებში განხორციელებული სამუშაოების საკითხს სწავლობს.

კომენტარები