შემთხვევა პეკინის ქუჩაზე

შსს პეკინზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარზე კვლავ უარს ამბობს

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე უარს აცხადებს გუშინ, გვიან ღამით, პეკინის ქუჩაზე ნაპოვნი გარდაცვლილი პირის საქმესთან დაკავშირებით კომენტარეის გაკეთებაზე. ტაბულას კითხვაზე, კონკრეტულად რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, უწყებაში განაცხადეს, რომ მედიას თავად დაუკავშირდებიან.

გუშინ გვიან ღამით, თბილისში, პეკინის გამზირზე სახანძრო სამსახურმა, რომელიც საცხოვრებელ სახლში ხანძრის ჩასაქრობად მივიდა, 25 წლამდე მამაკაცის გვამი აღმოაჩინა.

მეზობლების ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 12-დან 1 საათამდე მოხდა. მათივე განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცს ბინა ნაქირავები ჰქონდა და ადგილზე დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მეზობლების ნაწილი აცხადებს, რომ გარდაცვლილი მამაკაცი ტრანსგენდერი იყო. მათვე გამოთქვეს ეჭვი, რომ გარდაცვლილი შესაძლოა მოკლეს და შემდეგ ხანძარი კვალის დაფარვის მიზნით გააჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ტაბულას განუცხადეს, რომ გამოძიება დაიწყო, თუმცა უწყებაში არ დააზუსტეს, კონკრეტულად რომელი მუხლით მიმდინარეობს.

ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია გარდაცვლილის ვინაობასთან დაკავშირებით. თუმცა ამ ინფორმაციას ტაბულა მხოლოდ ოფიციალურად დადასტურების შემდეგ მოგაწოდებთ.

კომენტარები