ბრუკლინ ბექჰემი

ლონდონის არსენალმა დევიდ ბექჰემის შვილი, ბრუკლინ ბექჰემი გაიფორმა

დევიდ ბექჰემის უფროსმა შვილმა ბრუკლინმა ლონდონის არსენალის მწვრთნელებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და კლუბმა მას მოკლევადიანი კონტრაქტი გაუფორმა, ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.

15 წლის ბრუკლინ ბექჰემის ხილვა თავიანთ ასაკობრივ გუნდებში მრავალ გუნდს სურდა, მათ შორის - მანჩესტერ იუნაიტედსა და ლონდონის ჩელსის. გამოცემის ცნობით, არსენალმა ბექჰემს კონტრაქტი წლის ბოლომდე გაუფორმა, თუმცა კლუბში ფიქრობენ, რომ ის დიდი ტალანტია და მომავალში ხანგრძლივ ხელშეკრულებას მოუმზადებენ.

მიუხედავად დევიდ ბექჰემის მანჩესტერული წარსულისა, სადაც მან 11 წელი გაატარა, Emirates Stadium-ზე (არსენალის ასტადიონი) მისი ნახვა ხშირად შეიძლება. საქმე ისაა, რომ ბექჰემის 12 წლის შვილი რომეო არსენალის დიდი გულშემატკივარია და საყვარელი გუნდის თამაშებს ხშირად ესწრება. რომეო არსენალის 13-წლამდე გუნდში თამაშობდა, 9 წლის კრუზ ბექჰემი კი ლონდონური კლუბის 10-წლამდელთა შემადგენლობაში ირიცხება.

საგულისხმოა, რომ არსენალის მთავარ მწვრთნელ, არსენ ვენგერთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს თავად დევიდ ბექჰემსაც. იმ დროს, როდესაც რამდენიმე წლის წინ აშშ-ში ვერ ვარჯიშობდა, სამშობლოში დაბრუნდა და პრაქტიკისთვის არა მანჩესტერ იუნაიტედის, არამედ სწორედ არსენალის სავარჯიშო მოედანს მიაშურა.

კომენტარები