დაპირისპირება ახმეტაში

ჭიკაიძე ახმეტის ინციდენტზე: დაკავებულები არიან

ალექსანდრე ჭიკაიძე

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ არ უპასუხა ტაბულას კითხვას, ადასტურებს თუ არა, რომ ახმეტაში ქართული ოცნების წევრები რუსლან და ბესლან ალხანაშვილები პოლიციამ დეპუტატ ზურაბ ზვიადაურის ძმის თხოვნით გაათავისუფლა. ჭიკაიძემ ახმეტაში მომხდარ ინციდენტზე მხოლოდ ის თქვა, რომ "დაკავებულები არიან". შს მინისტრი სასაზღვრო პოლიციაში 2014 წელს განხორციელებული სასაზღვრო ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე იმყოფება და სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა ტაბულას უთხრა, რომ ალექსანდრე ჭიკაიძე კომენტარს ღონისძიების დასრულების შემდეგ გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ახმეტაში ეთნიკურად ქისტებსა და ეთნიკურად ქართველებს შორის ორი დაპირისპირება მოხდა. ქართული ოცნების წევრებმა რუსლან და ბესლან ალხანაშვილებმა ნოდარ ჭიჭიაშვილს სცემეს. პოლიციამ ალხანაშვილები დააკავა, თუმცა ადგილობრივების ცნობით, დეპუტატ ზურაბ ზვიადაურის ძმის თხოვნით გაათავისუფლეს. ამას დაპირისპირება მოჰყვა დაკავებულებისა და დაზარალებულების ახლობლებს შორის. დაპირისპირების დროს დაშავდა ეთნიკურად ქისტი ჯოყოლა აჭიშვილი. 

ამის შემდეგ, ქისტებს, რომლებიც დაზარალებული ჯოყოლა აჭიშვილის მოსანახულებლად საავადმყოფოსთან იმყოფებოდნენ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სცემეს. დაზარალებულები ქალაქის სამმართველოში გადაიყვანეს. 

ტაბულას რეპორტიორის ცნობით, მდგომარეობის განსამუხტად ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს, თუმცა, მის იქ ყოფნას შსს არ ადასტურებდა. შსს-ში ასევე განმარტეს, რომ საქმეში დეპუტატი ზვიადაური და მისი ძმა არ ფიგურირებენ. მათივე ინფორმაციით, გამოძიება ცემის ფაქტზე დაიწყო და დაკავებულია ოთხი პირი.

კომენტარები